11 იანვრის საღამოს, ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, სხვა მოქალაქეებთან ერთად, ბათუმში საპროტესტო აქციას მართავდა, როდესაც 15 იანვარს ეროვნული გაფიცვის დაწყების მოწოდების შემცველი სტიკერის გაკვრის მცდელობისთვის დააკავეს.
სხვა მომიტინგეებთან ერთად ადმინისტრაციული ბრალდებით დაკავების შემდეგ, იგი ორი საათით პატიმრობაში დარჩა. მოგვიანებით, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა 15 წუთის შემდეგ ბათუმის პოლიციის განყოფილებასთან კიდევ ერთხელ დააკავეს. ამჯერად მას პოლიციელზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლი ბრალი წარედგინა.
ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს ამაღლობელის დაკავება და მისთვის წინასწარ პატიმრობის შშეფარდება. მისი გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. 14 იანვარს ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები პროტესტის ნიშნად სამი საათით გაიფიცნენ. 17 იანვარს ბათუმსა და თბილისში ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა.
რა მოხდა?
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს თუ როგორ გაარტყა ხელი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. სწორედ ამ უკანასკნელმა დააკავა ამაღლობელი პირველ ჯერზე. კადრებში ჩანს, რომ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის დროს ამაღლობელი „ბათუმელების“ რედაქტორის ეთერ თურაძის გვერდით დგას, ხოლო გარშემო დაახლოებით 20 პოლიციელი იმყოფება. შემდეგ მან დგებუაძეს სახეში გაარტყა. ვიდეოში ისმის, რომ პოლიციელი (შესაძლოა თავად დგებუაძეც) მას სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებით ემუქრება. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას ამბობს „ქართული ოცნება“?
„ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები და მათი პროპაგანდისტული საშუალებები ავრცელებენ გზავნილს, რომ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი პოლიციელზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულია და სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული“.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ამბობს, რომ კადრების მანიპულირების გზით და ამაღლობელის დამნაშავედ ჩვენების მიზნით, სახელისუფლებო მედიაარხებმა ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაუშვეს. ორგანიზაციის თქმით, ამაღლობელს პატიმრობაში არასათანადოდ მოექცნენ, რაც კრიტიკული მედიის მიმართ შურისძიებისა და სამაგალითო დასჯის მაგალითად შეიძლება შეფასდეს. ადვოკატების თქმით, სახეში გარტყმას „თავდასხმის“ კვალიფიკაცია არ ენიჭება და შესაბამისად, ასეთი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის ბრალის წარდგენა გადაჭარბებულია და, ამიტომ, სადამსჯელო ზომად განიხილება.
როგორია კონტექსტი?
უფლებადამცველები, რომელთაც ამაღლობელთან კომუნიკაცია მოახერხეს, აღნიშნავენ, რომ მისი მონაყოლით, მას პოლიციის განყოფილებაში არასათანადოდ მოეპყრნენ, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამაღლობელი აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძემ მას აგინა და სახეში შეაფურთხა, ასევე მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, თუმცა სხვა პოლიციელებმა ის შეაჩერეს. ამაღლობელმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე დაკავებიდან სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ წყლის დალევის, საპირფარეშოთი სარგებლობის ან ადვოკატთან დაკავშირების უფლებას. ეს ინფორმაცია მედიის ადვოკატირების კოალიციამ და „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემაც დაადასტურეს. ამაღლობელი ასევე აცხადებს, რომ იმავე საღამოს მისი ორი ახალგაზრდა ნათესავი მის თვალწინ დააკავეს. სახელისუფლებო მედიას ეს ინფორმაცია არ გაუშუქებია.
უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ პოლიცია არასათანადოდ ერეოდა მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაში. ადამიანების დაკავება სტიკერების გაკვრისთვის დაუშვებელია იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებსაც „ქართული ოცნება“ მოიშველიებს. მომიტინგე, რომელსაც არასათანადოდ მოეპყრნენ, მაგალითად, რამდენიმე საათის განმავლობაში უარი ეთქვა ადვოკატთან წვდომაზე, უარი ეთქვა წყალზე ან საპირფარეშოს გამოყენებაზე, შესაძლოა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და კომპენსაციის მიღების უფლებაც მიანიჭონ. პოლიციის უფროსი, რომელიც პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტებს აფურთხებდა და ემუქრებოდა, დიდი ალბათობით სამსახურს დაკარგავდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ 17 იანვარს განაცხადა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ 12 იანვარს ეცნობა, ხოლო 15 იანვარს თავად ამაღლობელმა მიაწოდა სამსახურის გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. ქურდოვანიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ბრალდებებზე.
ეს საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს: საქართველო მწვავე დემოკრატიულ კრიზისში იმყოფება, რა დროსაც განზრახ ხდება ჟურნალისტების მიზანში ამოღება, ხოლო მომიტინგეებზე პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ძალადობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.
ჟურნალისტების მიზანში ამოღება
ამაღლობელის დაკავებას წინ უძღოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმები, პრესის თავისუფლების სწრაფი გაუარესებისა და ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლებების შემცირება. განსხვავებული ხმების ჩასახშობად და მედიისადმი მტრული გარემოს ჩამოსაყალიბებლად, ხელისუფლებამ არა მხოლოდ ძალადობა, არამედ სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმებიც გამოიყენა. ამ ინსტრუმენტებიდან ყველაზე თვალსაჩინოა 2024 წელს მიღებული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს დახუროს ის გამოცემები, რომლებიც უცხოურ გრანტებს იღებენ.
მხოლოდ ნოემბერ-დეკემბრის პრო-ევროპული აქციების დროს 90-ზე მეტ ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო არცერთი დამნაშავე პასუხისგებაში არ მიუციათ. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), Human Rights Watch-მა და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ასევე პოლიტიკოსებმა და საკანონმდებლო ორგანოებმა გააკრიტიკეს მედიაზე თავდასხმები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გამოძიებისა და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდეს.
„ბათუმელების“ შევიწროება ამაღლობელის დაპატიმრებით არ დასრულებულა. 14 იანვარს ბათუმში აქციის მონაწილეების გადაღებისას დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ ის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გადაღებისას დააკავა და ტელეფონი ჩამოართვა. მურვანიძის თქმით, დგებუაძე დაინტერესდა, სად მუშაობდა ოპერატორი და მას შემდეგ დააკავა, რაც გაიგო, რომ ის „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო. მურვანიძეს რვადღიანი პატიმრობა მიესაჯა.
ძალადობის განახლება
საქართველოში 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც უფლებადამცველები აფასებენ, როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება და ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც „წამების ტოლფასია“. ბევრი მომიტინგე უსაფრთხოების თანამშრომლებმა სცემეს, რა დროსაც მათ სერიოზული დაზიანებები მიიღეს.
მიმდინარე რეპრესიების შედეგად, აქტივისტებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს დევნიდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ საკუთარ სახლებსა და ქუჩებში. რეჟიმის ოპონენტებზე ძალადობის ჩამდენი არცერთი პირი არ არის დაკავებული ან პასუხისგებაში მიცემული. ძალადობა, რომელმაც პიკს ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში მიაღწია, ახალი წლის დღეებში მცირე ხნით შემცირდა, თუმცა მალევე ჩვეული ძალით განახლდა.
ამაღლობელთან დაკავშირებული ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, გიორგი გახარიას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს და „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა. იგი ცხვირის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გახარიას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. შედარებისთვის, მზია ამაღლობელს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება იმისთვის, რომ პოლიციელს, რომელიც მას არასათანადოდ მოეპყრა, სახეში გაარტყა, მაშინ როცა დეპუტატები, რომელთაც გახარია სასტუმროში სცემეს, შესაძლოა მხოლოდ ჯარიმით გამოძვრნენ.
რას ამბობენ ადვოკატები?
ადვოკატები აცხადებენ, რომ ამაღლობელისთვის წაყენებული „თავდასხმის“ ბრალდება „სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება“. ადვოკატ ვახტანგ ნაცვლიშვილის თქმით, „სილის გაწვნა ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება თავდასხმად“ სსკ-ის 353 პრიმა მუხლით, „„როგორი ფართოც არ უნდა იყოს იმ ქმედებათა შესაძლო კატალოგი, რომელიც აკმაყოფილებს „თავდასხმის” შემადგენლობას“. ადვოკატები ასევე აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსი იყენებს ტერმინს „თავდასხმა“ ისეთი დანაშაულების მიმართ, როგორიცაა ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ტერორიზმი, მეკობრეობა, შეიარაღებული კონფლიქტი, ადამიანთა ჯგუფის ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნა და სხვა.
მათივე თქმით, ამაღლობელის საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, რაც „პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას“ გულისხმობს და იწვევს დაჯარიმებას 2000-3000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სადამსჯელო პატიმრობა?
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი 4 მარტამდე პატიმრობაში დატოვა. მან დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მიუთითებდა და დაცვის მხარეს ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ დასაბუთდა, რატომ იყო აუცილებელი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება, რომელიც „ყველაზე უკიდურესი საშუალებაა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა თუ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე“. ორგანიზაციის თქმით, მოსამართლემ თავად გამორიცხა მიმალვის საფრთხის არსებობა და მხოლოდ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკზე აპელირებით გამოიყენა პატიმრობა, რომელიც „აბსტრაქტულად, შაბლონურად და სუბიექტურად შეფასდა“.
„შეუსაბამოდ მძიმე, უსაფუძვლო ბრალდებას და შემდგომში, მასზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებას, სადამსჯელო და რეპრესიული ეფექტი აქვს, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას“, – დასძენს ორგანიზაცია.
საქართველოს სახალხო დამცველმა 16 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და „ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი“. სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია ადამიანის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებს.
წინაისტორია: რას წარმოადგენს ბათუმელები?
„ბათუმელები“ ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული გამოცემაა საქართველოში. ის 2001 წელს ბათუმში დაარსდა და დღესაც იქ მდებარეობს (მისი ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“ 2010 წელს თბილისში გამოიცა). „ბათუმელების“ გამოცემა იყო პასუხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტოკრატიული მმართველის, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს კანონის უზენაესობის ფართომასშტაბიან დარღვევებზე, ადამიანის უფლებების შელახვასა და ფართომასშტაბიან კორუფციაზე.
გამოცემა უამრავი ჯილდოს მფლობელია და ერთ-ერთ წამყვან დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოცემად მიიჩნევა.
დაარსების დღიდან გამოცემა არაერთხელ გახდა შევიწროების სამიზნე. 2003 წელს, აჭარის ავტორიტარული რეჟიმის ზეწოლის შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა კომპანიის („გაზეთი ბათუმელები“) იურიდიული რეგისტრაცია, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად უარს ამბობდა ახალი სახელწოდებით მის რეგისტრაციაზე. ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის (ICFJ) მხარდაჭერით, ის წარმატებით დარეგისტრირდა თბილისში 2003 წლის 8 აგვისტოს. „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც ავიწროებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა მოსკოვის უკმაყოფილების სამიზნეც გახდა, რის შედეგადაც მას „ანტისაბჭოთა პროპაგანდის გამავრცელებელი ორგანიზაციის“ სტატუსი მიენიჭა და აიკრძალა რუსეთში. 2022 წელს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რუსულენოვანი ვერსიები დაბლოკა.