ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაცია პროტესტის გამო საჯარო მოხელის გათავისუფლების ნორმალიზებას ახდენს

Civil Georgia 1 თვე წინ 17
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაცია პროტესტის გამო საჯარო მოხელის გათავისუფლების ნორმალიზებას ახდენს

თბილისის მერიის თანამშრომელს, ანა კომლაძეს 5 მარტს შეატყობინეს, რომ 15 მარტიდან „რეორგანიზაციის“ გამო მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ. კომლაძის თქმით, იგი და მისი კოლეგა საჯარო სამსახურში წმენდას შეეწირნენ. 400-მდე საჯარო მოხელემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი მათი პოლიტიკური პოზიციის გამო დაითხოვა.  

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ღია კრიტიკოსმა, კომლაძემ ხელი მოაწერა საჯარო მოხელეების პეტიციას, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას უჭერდა მხარს და გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მისი სოციალური მედიის პოსტები ასევე მკაცრად აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ რეპრესიულ ქმედებებს.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ „თბილისის მერიის თანამშრომელი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და აქციების აქტიური მონაწილე ანა კომლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს“. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ არხის მიზანია, არ დაუშვას ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. რუხაძე ოპოზიციის ძირითად ნაწილს ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებს.

ოპოზიციური პოლიტიკური პლატფორმის „თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი სიმონ ჯანაშია წერს: „გადავედით იმ საფეხურზე, როდესაც რეჟიმი რეპრესიების დამალვას აღარ ცდილობს. ეს ის მომენტია, როდესაც ღიად ამბობს სისტემა, რომ განსხვავებული აზრის მატარებლები ხალხის მტრები არიან“.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ასობით საჯარო მოხელე წავიდა, რამდენიმე თანამდებობის პირი კი გადადგა. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში კობახიძემ განაცხადა, რომ სისტემა „თვითწმენდას“ ახორციელებს და პირობა დადო, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა. გასული წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელმაც ფაქტობრივად გააუქმა საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია