ტაქტიკა კვარაცხელიაზე ვერ თუ არ მუშავდება? – როცა მწვრთნელი კონკურენციას ამტკიცებს და უარესს იღებს…

News.ge 1 თვე წინ 56
ტაქტიკა კვარაცხელიაზე ვერ თუ არ მუშავდება? – როცა მწვრთნელი კონკურენციას ამტკიცებს და უარესს იღებს…

“მილანთან” გამარჯვების შემდეგ წერილს ასე ვასრულებდით – რამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე “ნაპოლის” დღევანდელობას? გუნდი გადაეჩვია გაშვებას და შესაბამისად, თუკი თამაშის გადარჩენის საჭიროება დაუდგება, მასთან ცოტა გაუცხოება ექნება. მეორე – შეუძლებელია, მსგავსი ტაქტიკის დროს თავი ყოველთვის ისე დაიცვა, როგორც ეს “მილანთან” მოხდა. იქ მცირე თამაშგარის გამო გოლის გაუქმება და სხვა ფაქტორები იყო, რომლებიც ყოველთვის ვერ იმუშავებენ. “ნაპოლის” ამბიციების შესახებ უფრო მეტს ნოემბრის შემდეგ ვიტყვით, როცა გუნდი დატვირთულ კალენდარსა და ძლიერ მეტოქეებს გადააბიჯებს!.. “ატალანტასთან” საკუთარ მოედანზე (0:3) მარცხმა მართლაც გამოაჩინა ნეაპოლური კლუბის
პრობლემები.
ანტონიო კონტეს ბიჭებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს. თუკი გუნდს ანგარიში არ მიჰყავს, რაც მოწინააღმდეგეების მხრიდან მეტი სივრცის დატოვებასთან იგივდება, ნახევარდაცვა ვერ ახერხებს, თამაში საკუთარი სურვილით წარმართოს. თუკი საქმე ბურთის დაბრუნებასა და ართმევაში არაა, ზამბო ანგისა ტემპს ანელებს და შეტევას განსაკუთრებულს ვერაფერს სთავაზობს; სხარტი და ბოლომდე ოპტიმალური არც გილმორის გადაწყვეტილებებია. ობიექტურად, შეტევის მთავარი გაგრძელება ფორვარდზე პასია. ამას ოსიმენი უპირატესობად თუ აქცევდა, ძველი ლუკაკუდან მხოლოდ ფიზიკური სიძლიერეა შემორჩენილი, ბურთთან ერთად სწრაფად ვერ ტრიალდება და მისი შენარჩუნების ნაცვლად, კარგავს; გამწვავების მაგივრად იერიშის საშუალებას მეტოქეს აძლევს.
სანამ “ატალანტა” პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდებოდა და ნეაპოლელებს ხასიათს წაუხდენდა, ს (ჩვენიანი რომაა, ამიტომ არ ვწერთ) არც ჟინი დაუკლია და არც მახვილგონიერება, ლუკაკუს სახიფათო მომენტები შეუქმნა, ბურთი სისწრაფეზეც კარგად წაიღო, კართან ახლოსაც “მოიპარა”, თუმცა გუნდმა ამით ვერ იხეირა. “კვარა” მოძრაობს და ცდილობს, თანაგუნდელებს თავი მაქსიმალურად თავისუფალ ზონაში შესთავაზოს, მაგრამ ისე ჩანს, სათანადოდ დამუშავებული არაა, თამაში ლიდერზე როგორ აეწყოს. არაა თუ ვერ, ეს კიდევ მეორე საკითხია, კონტეს აქცენტები სადაა გადასროლილი. თავის მხვრივ, საკუთარ თავზე უფრო მეტი ქართველმაც უნდა იმუშაოს, მეურვეებს სიახლეები შესთავაზოს. მთავარი მწვრთნელი თითქოს კონკურენციას ზრდის და უნდა დაამტკიცოს, ნერეშს ქართველის შეცვლა ნებიესმირ დროს, მათ შორის როცა თამაში გადასარჩენი აქვს, შეუძლია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ანტონიო ამით ბრაზილიელს უფრო ამძიმებს და ძაბავს(ამავდროულად, მოედნიდან გასვლა არც ხვიჩაზე მოქმედებს პოზიტიურად და უკეთესს ნამდვილად არ ხდის, რუდი გარსიასთან უკვე გავლილი გვაქვს). როცა ნერეში პოლიტანოს ცვლიდა, შედეგიანი იყო. იქნებ მარჯვნივ უფროა მისი ადგილი?!
მკითხველს არასდროს უნდა ეგონოს, წარმატების დროს მწვრთნელს ვაქებთ და პირველივე პრობლემაზე ხაზს გადავუსმევთ. ამას ვამბობთ საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლის შემთხვევაშიც. უბრალოდ კარგად უნდა გავარჩიოთ, რა სტილის მიმდევარია “ნაპოლის” დამრიგებელი, რა აქვს მას სისუსტე. კონტე წარმატებული მწვრთნელია, თუმცა ის იმ კატეგორიიდანაა, სიახლეებს ნაკლებად რომ გვთავაზობს და უფრო ერთფეროვნებაში იხარშება. თუკი ამ ყველაფერს შედეგი არ ახლავს, საქმე მძიმედაა. “ატალანტას” მწვრთნელ გასპერინიდან სიტუაციის სრული შესწავლა და საკუთარი გუნდის უპირატესობების წარმატებით გამოყენება ვნახეთ. დაველოდოთ “ინტერთან” ჯახს, რომელიც დაგვანახებს, კონტეს ამბიციები რამდენად მაღალი დარჩება, ჩემპიონობაზე კი ის ისედაც არასდროს საუბრობს!..

სრულად წაიკითხეთ სტატია