სსო-ების ანგარიში 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისს ავლენს

Civil Georgia 3 კვირის წინ 14
სსო-ების ანგარიში 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისს ავლენს

სამოქალაქო საზოგადოების თერთმეტმა ორგანიზაციამ 14 მაისს დოკუმენტირების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად აღწერს 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევებსა და რეპრესიებს. ანგარიში სახელწოდებით „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“ ეხება 2024 წლის 28 ნოემბერიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით. დოკუმენტი სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და მის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

„ვინაიდან საქართველო მზარდი ავტორიტარული ტენდენციების წინაშე დგას, საერთაშორისო აქტორებისთვის აუცილებელია ამ გამოწვევების სწრაფად გადაჭრა, რათა დაიცვან საქართველოს დემოკრატიის მომავალი და ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები ყოველდღიურად წარადგენენ ახალ კანონპროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფლებებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასახულია დემოკრატიული ინსტიტუტების კრახი და ქვეყნის მზარდი იზოლაცია. მასში დეტალურად არის აღწერილი მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევები, უკანონოდ დაკავებული პირების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა და ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებზე თავდასხმები. ანგარიში ასევე ადანაშაულებს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენებასა და ადმინისტრაციული დაკავების რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენებაში. სხვა დარღვევებს შორისაა პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. „რეორგანიზაცია“ საჯარო სამსახურში, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევა და აქტივისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები.

დოკუმენტი შეკრების თავისუფლების უკანონო და არაპროპორციული დარღვევის შემთხვევებს მიმოიხილავს. საპოლიციო ძალები ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ინტენსიურად იყენებდნენ აქტიურ სპეციალური საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც ხშირად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყო.

ანგარიშში ასევე გაანალიზებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებები. „სწორედ მედია და მათი აღჭურვილობა იქცა აგრესიის სამიზნედ, ვინაიდან ისინი იღებდნენ და აშუქებდნენ აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილი ძალადობის ამსახველ მტკიცებულებებს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის 108 შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ანგარიშში ასევე იდენტიფიცერებულია პროტესტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის პრაქტიკა.

„აშკარაა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა საპროცესო უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, დაკავების ვადის თვითნებური გაგრძელება და დაცვის უფლებით სარგებლობისთვის ხელის შეშლა გამოწვეული იყო არა ინსტიტუციური ხარვეზებით, სისტემის გადატვირთულობით ან არაკომპეტენტურობით, არამედ მიზანმიმართულად გამოიყენებოდა, როგორც აქტივისტებზე ზემოქმედების იარაღი და ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური აზრის შეზღუდვას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, რეპრესიების ერთ-ერთი სახეა დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება. „სასამართლოში აქტიურად განიხილება/განიხილებოდა არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება 2024 წლის აპრილ-მაისისა და, შემდგომ, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებულ აქტივისტებს. საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებების გამოყენებამ, ფაქტობრივად, მოახდინა მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაცია და შეზღუდა თავისუფალი შეკრება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან, 10 პირს  ბრალი ედება 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხოლო 52 ადამიანს  – 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვლის აქციებთან მიმართებით.

დოკუმენტირების ანგარიში ასევე მიმოიხილავს რეპრესიის სხვა მეთოდებს: იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებს, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეებისა და პირადი ჩხრეკის უკანონო პრაქტიკას, საჯარო მოსამსახურეთა დისკრიმინაციულ გათავისუფლებას და საკანონმდებლო უფლებამოსილეების ბოროტად გამოყენებას.

ამასთან, ანგარიში აანალიზებს კონკრეტული უწყებების და მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას სისტემურ რეპრესიებში. ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების ნაკლებობა, არაეფექტიანი გამოძიება, მიკერძოებული სასამართლო ხელისუფლება, მაღალჩინოსნების მიერ ძალადობის აშკარა და ღია მხარდაჭერა/წაქეზება, ისევე, როგორც ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები, მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვის და პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის მეთოდები სისტემურია და მასში „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ხელისუფლების სამივე შტო მონაწილეობს. ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ დონეზე დაუსჯელობას კიდევ უფრო აღვივებს გამოძიების არაეფექტიანობა და „სრულად ანადგურებს ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია