სოზარ სუბარი: ის ინფორმაცია, რასაც მინისტრის საათის დროს მინისტრები გვაწვდიან, მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამის ასე დატოვება

Primetime.ge 1 დღე წინ 15
სოზარ სუბარი: ის ინფორმაცია, რასაც მინისტრის საათის დროს მინისტრები გვაწვდიან, მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამის ასე დატოვება
 პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს კითხვები დაუსვა.დეპუტატის კითხვები მინისტრის საათის გაუქმება ეხებოდა. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ვერცერთი სხვა ფორმატი ვერ ჩაანაცვლებს მინისტრის საათის ფორმატს, რადგან ამ დროს დეპუტატებს აქვთ საშუალება მოისმინონ მინისტრისგან სამინისტროს გეგმები და ხედვები და დაუსვან წინასწარ შეუთანხმებელი კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.„ბევრ საკითხს არ შევეხები, მხოლოდ მინისტრის საათზე დავამატებ. რეგლამენტს რომ სჭირდება დახვეწა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და უმრავლეს ცვლილებებს ვეთანხმებით. მინისტრის საათი, ხშირ შემთხვევაში, მართლა არა მოსმენადია, 1 საათით მოდიან და რაღაც ტექსტებს კითხულობენ. უბრალოდ ეს მგონი თვითონ მინისტრის პრობლემაა, როდესაც ვერ ახერხებს საზოგადოებას საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია. თვითონ ის ინფორმაცია ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმიტომ, რომ გვიყვებიან რა კეთდება კონკრეტულ სამინისტროში 1 წლის მანძილზე, რა გაკეთდა, რა გეგმებია და დეპუტატებს აქვთ საშუალება ჰკითხონ გეგმებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ აუცილებელია ამის დატოვება. არ არის წელიწადში ერთხელ მინისტრის საათი ისეთი დამტვირთველი, რომ ამან იქონიოს რაიმე გავლენა. მე ამოვიღე გარკვეული ქვეყნების მაგალითები- მაგალითად საფრანგეთში, სამშაბათს კონგრესში, ოთხშაბათს კი - პარლამენტში არის მინისტრის საათი, სადაც სპონტანურად უსვამენ კითხვებს მინისტრებს. ბრიტანეთში ეს წესი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული არსებობს, 60 წლიდან არსების ავსტრალიაში. კი, შეიძლება იქ არ იყოს დროში ისეთი შეუზღუდავი, როგორც ჩვენთან არის. შესაძლებელია მექანიზმების დახვეწა, მაგრამ ეს რომ დავტოვოთ - მინისტრის ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან და დეპუტატების საშუალება, რომ დასვან კითხვები იმ საკითხებზე, რომელიც მათ ამომრჩეველს აინტერესებს. მართალია ჩვენ გავაუქმეთ მაჟორიტარი, მაგრამ არსებობს დელეგატი, რომელსაც კონკრეტული რაიონიდან აქვს კითხვები და ეს კითხვები კონკრეტული მინისტრების მიმართ ხშირია ხოლმე, როგორც საზოგადოებისგან ასევე, ჩვენგან, დეპუტატებისგან. ამიტომ, ვუერთდები ბატონი დიმიტრის მოთხოვნას, იქნებ გავიაროთ წინასწარ კონსულტაციები, სანამ კენჭისყრაზე დადგება საკითხი,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.მინისტრის საათზე "ხალხის ძალის" თავმჯდომარის სოზარ სუბარის პოზიციის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ინტერპელაციის მსგავსი პროცედურა არსებობს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ფორმატში მინისტრს კითხვები წინასწარ ეგზავნება, შესაძლებელია ყველა სახის და რაოდენობის კითხვებზე პასუხების მიღება. მისივე თქმით, მინისტრის საათი მხოლოდ იმიტომ უქმდება, რომ ინტერპელაციის რაოდენობა იზრდება და ამ ფორმატში პარლამენტარებს ნებისმიერ მინისტრთან ნებისმიერი კითხვის უფრო ოპერატიულად დასმა შეეძლება, ვიდრე მინისტრის საათის შემთხვევაში.პარლამენტის თავმჯდომარის პასუხის შემდეგ, სოზარ სუბარმა დააზუსტა, რომ ის რჩება იმავე აზრზე და არ ემხრობა მინისტრის საათის გაუქმების ინიციატივას.„მე მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ ვერც ინტერპელაცია და ვერც პრემიერის მოხსენება მინისტრის საათს ვერ ჩაანაცვლებს. პრემიერი საუბრობს მთელი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე - რა კეთდება სხვადასხვა სფეროში. ძალიან ფართო და ზოგადია მისი მოხსენება მაშინ, როცა მინისტრის საათი შეიძლება იყოს ძალიან კონკრეტული. ინტერპელაცია კიდევ წინასწარ დადგენილ კითხვას და დროს ვერ გასცდება. არ წავალ შორს, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანით. ზუსტად ასეთი მინისტრის საათი არსად არ არის, მაგრამ არის გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტები. მაგალითად მოვიყვან ისევ საფრანგეთს, სადაც კითხვები მთავრობისადმი სპონტანურია - ისინი წინასწარ არ არის წარდგენილი, გამოქვეყნებული და შეტყობინებული. კითხვების დასმა ხდება სამშაბათს. დღის პირველ ნახევარში სხვა ტიპის ფორმატებია, დღის მეორე ნახევარში - სხვა. ხოლო პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს შეუძლია მთავრობის დაბარება იმისთვის, რომ მის კითხვებს პასუხი გასცენ. კიდევ ვიმეორებ, თუ მინისტრის საათის გაუქმების მიზანია, რომ მთავრობის წევრს შევუქმნათ კომფორტი და წელიწადში ერთხელაც არ მოვიდეს, არა მგონია ეს სწორი იყოს. მეც ვიყავი მინისტრი და ვიცი როგორი მობილიზებულია იმ პერიოდში სამინისტრო და როგორ მუშაობენ, რომ თითოეული პუნქტი გაიწეროს - რა კეთდება და რა გეგმებია დასახული. თუ პარლამენტის წევრებს ვუქმნით კომფორტს, პარლამენტის წევრი, რომელსაც არ აინტერესებს მინისტრის საათი, ისედაც არ ესწრება და ვისაც აინტერესებს, იმისთვის კარგი შესაძლებლობაა დასვას კითხვები და საზოგადოებისთვისაა შესაძლებლობა მოისმინოს მინისტრის ხედვა და გაიგოს, რა ხდება იმ სფეროში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია