
საქართველოდან პაციენტების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება სულ უფრო მწვავე პრობლემად იქცევა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს უგროვებს. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი “საქმის კურსის” ეთერში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს რესურსი, პაციენტებს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს, სისტემური მიდგომის არარსებობის გამო ისინი მეზობელ თურქეთსა თუ ევროპის ქვეყნებს მიმართავენ.
მირზიკაშვილის თქმით, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია, რადგან მისი უსასრულოდ გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა კიდევ უფრო მეტ თანხას დაკარგავს, რომელიც ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად შეიძლებოდა გამოყენებულიყო.