
პროფესორი სიმონ ჯანაშია:
გილოცავთ, კიდევ ერთმა უდანაშაულო ახალგაზრდამ გაიმარჯვა რვათვიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ. თედო აბრამოვი თავისუფალია. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო ისეთივე სწორი გადაწყვეტილება, როგორც ეს მანამდე რომეო ტყეშელაშვილმა გააკეთა გიორგი ახობაძის შემთხვევაში.
ეს ამბავი რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას და ვარაუდს აჩენს:
ა) ვინც ფიქრობს, რომ სასამართლო სრულიად დაქვემდებარებულია ხელისუფლებას, მათთვის ეს გადაწყვეტილებები ქართულ ოცნებას მიეწერება. მაშინ ეს იმასაც ნიშნავს რომ ოცნებამ პოლიცია გამოიყენა, ნარკოტიკი ჩაადებინა და შემდეგ გაწირა. ნებისმიერ დროს შეიძლება პოლიციელების წინააღმდეგ საქმე აღიძრას.
ბ) სასამართლოს საქმეებში ჩახედული ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი შემთხვევები თავად სასამართლოს მმართველი ჯგუფების, ან კონკრეტული მოსამართლეების ინტერესების გამოვლინებაა. ასეთ საქმეებში ხელის გასვრა მოსამართლეებს არ უნდათ. არ უნდათ იმ პირობებში, როდესაც ოცნება ვერ ან არ ასრულებს მათ მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომ დაიცვას საერთაშორისო სანქციებისგან, და პირიქით, ზოგ შემთხვევაში დემონსტრატიულადაც არ იცავს მათ, როგორც ეს რესტორან ბაბილოსთან გამართული აქციისას გამოჩნდა. აქ პოლიციამ არ დაიცვა მოსამართლეები აქციის მონაწილეებისგან, რითიც ხელისუფლებამ აჩვენა, რომ გაწირავს მათ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებენ. მოსამართლეებს შეიძლება ასევე არ უნდოდეთ გაისვარონ მაშინ, როდესაც ოცნება მათ აწმინდავს ხელს. ოცნების სპიკერები მუდმივად (მაგრამ ხანდახან დაბნეულადაც) საუბრობენ რომ ყველა გადაწყვეტილება სასამართლოს მიღებულია. მათ არსენალში კი არის ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის ამნისტია – რაც სულ მთლად მოსამართლეების კისერზე დატოვებს უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმას იმ დროს, როდესაც ოცნება თავად გამოძრომას შეეცდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი სცენარია რეალობასთან უფრო ახლოს თუ მეორე, ეს ნიშნავს ბზარს ქართული ოცნების სტრატეგიაში. პირველ სცენარში გარდაუვალია დაპირისპირება პოლიციასთან. მეორეში ჩანს, რომ ისინი ვერ ახერხებენ სასამართლოს სრულად დამორჩილებას.
მთავარი კი ის არის, რომ ეს ბზარები მაშინ ჩდება, როდესაც ჩვენი მხრიდან სამართლიანობისთვის და პატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ნელდება. სანამ ჩვენ არ გავჩერდებით, მანამდე ავტორიტარული სისტემის კონსოლიდაცია მარტივი არ იქნება. ასე რომ ბოლომდე მეგობრებო, არ უნდა გავჩერდეთ, სანამ თითოეული პატიმარი მაინც იჯდება უდანაშაულოდ ციხეში!