გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გრძელდება საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით. ქვეყანამ გრძელი და რთული ზამთარი გამოიარა, ხოლო რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველო თავისი ტრადიციული პარტნიორებისგან იზოლირებულია. ევროკავშირთან, აშშ-სთან და ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტოა წარმოდგენული, თუმცა მისი ორი განშტოება – „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ – ცდილობს თავი ოპოზიციად წარმოაჩინოს. პარლამენტის, მთავრობისა და ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა სადავოა. „ქართულმა ოცნებამ“ რიგი რეპრესიული კანონები დააინიცირა, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაა. სისხლის სამართლის ბრალდებით ციხეში 49 მომიტინგე რჩება. პატიმრობაში რჩება ასევე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. პოლიციის სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეები კვლავ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების რეპრესიების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას.
2024 წელს განვითარებული მოვლენების გასაცნობად, იხილეთ ჩვენი წინა სიახლეების ბლოგი.
სამშაბათი, 4 მარტი
16:00 – EaP CSF ქართულ ოცნებას შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ, ევროკავშირს კი საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველმა კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც 26 ოქტომბრის „სადავო“ არჩევნების შემდეგ „შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“ და მკაცრი ჯარიმები დააწესა. ეს ცვლილებები შეეხო ძირითად კანონებს, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და სისხლის სამართლის კოდექსს, ნათქვამია განცხადებაში.
EaP CSF მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დარბევა, ჩაატაროს ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, გააუქმოს კანონები, რომლებიც „გაუმართლებლად ზღუდავს ქართველი ხალხის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს“, გაათავისუფლოს საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებული პირები და თავისი ქმედებები ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს შეუსაბამოს. ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაგმონ „დრაკონული კანონმდებლობა“, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილსა და „საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ფიგურებს“, მხარი დაუჭირონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, უშუალოდ ჩაერთონ მომიტინგეებთან და გააგრძელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ პარტიაზე დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.
13:00 – მუსიკოსს და აქტივისტს დავით გაბუნიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს დავით (ტორნადო) გაბუნიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი თავს დაესხა. მოგვიანებით, მესხმა ფეისბუქის პოსტით დაადასტურა თავდასხმა, ხოლო მისმა თანამოაზრემ ბესო დანელიამ დაპირისპირების კადრები ინტერნეტით გაავრცელა.
12:00 – ჰააგაში იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჰოლანდიაში, ჰააგაში, რესტორანთან თავს დაესხნენ კომიკოსს და მსახიობს მიშა ანდღულაძეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაპირისპირება, როდესაც რამდენიმე პირი, სავარაუდოდ, ქართველი, ფიზიკურად უსწორდება ანდღულაძეს. ანდღულაძე, რომელიც ცნობილია თავისი პროევროპული პოზიციითა და პროევროპული აქციების მიმართ მხარდაჭერით, ჰოლანდიაში „სთენდ-აფ“ შოუში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა.
ორშაბათი, 3 მარტი
22:30 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მზია ამაღლობელი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგება“ და განაცხადა, რომ ის დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. „ქართული ოცნება აგრძელებს ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ თავისუფლების დამცველებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
20:15 – დედების მარში პარლამენტის შენობისკენ
საპროტესტო აქციის 96-ე დღეს, რომელიც საქართველოში დედის დღეს ემთხვევა, აქციის მონაწილეები დედების მარშისთვის იკრიბებიან, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გაემართება.
13:45 – თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 47-დღიანი შიმშილობის ფონზე გაუარესდა
დაკავებული თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რადგან ის უკვე 47 დღეა შიმშილობს სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე. ქათამაძე, რომელსაც თურქეთში დეპორტაცია ემუქრება, 15 თებერვლიდან უარს ამბობს სამედიცინო შემოწმებაზე. ის თავს სუსტად გრძნობს, უჭირს გადაადგილება და 20 კგ-ზე მეტი დაიკლო, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქათამაძემ თავი კარგად იგრძნოს და შეძლოს დაესწროს მომავალ სასამართლო პროცესს მის ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით და გამოხატოს საკუთარი პოზიცია.
კვირა, 2 მარტი
22:30 – პროტესტის 95-ე დღე
საპროტესტო აქციების 95-ე დღეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.
შაბათი, 1 მარტი
16:00 – ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აკაკი გვიანიძემ თემურ ქათამაძე მოინახულა
ბათუმის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე შეშფოთებას გამოთქვამს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც უკვე 45 დღეა შიმშილობს. გვიანიძის თქმით, ქათამაძე შიშობს, რომ უახლოეს დღეებში დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებს. „სიტუაციას უფრო ისიც ამძიმებს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს საპროტესტო შიმშილობა“, – წერს გვიანიძე სოციალურ ქსელში დაკავების იზოლატორში ქათამაძის მონახულების შემდეგ.