26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეს იყო პირველი სრულად პროპორციული არჩევნები საქართველოში, 5%-იანი ბარიერით, ისევე როგორც პირველი ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა ხმა საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგები ასეთია: (41) ქართული ოცნება – 53,93%; (4) კოალიცია ცვლილებისთვის – (ახალი+გირჩი – მეტი თავისუფლება+დროა) 11,03%; (5) ერთობა – საქართველოს გადასარჩენად – 10,17% (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა + სტრატეგია აღმაშენებელი); (9) ძლიერი საქართველო (ლელო საქართველოსთვის + ხალხისთვის + მოქალაქეებისთვის + თავისუფლების მოედანი) – 58,81%; და (25) საქართველოსთვის (ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით) – 7,78%.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობენ და ოფიციალური შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ეუთო/ოდირმა თავისი პირველი წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „კენჭისყრის დღემ დამკვიდრებული პოლარიზაცის ფონზე ჩაიარა, რომელსაც ბოლო დროს მიღებული კანონის და ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი ზეგავლენის გამო მზარდი შეშფოთება აზიანებდა“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ ცნო და არჩევნების გაყალბების დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა. ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ოპოზიციის ლიდერებმა გაასაჯაროვეს გეგმა, რომლის თანახმადაც საჭიროა: 1) საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმირება გაყალბების, მოტყუების და მაქინაციების შესახებ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მოსაპარად გამოიყენა; 2) იმის უზრუნველყოფა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნონ გაყალბებული არჩევნები; 3) დემოკრატიული წინააღმდეგობის, სამოქალაქო აქტივიზმისა და ქუჩის პროტესტის გაგრძელება.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირმა, საარჩევნო დარღვევებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ეს არჩევნები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირსა და ნატოს.
პარასკევი, 15 ნოემბერი
12:25 – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებზე პროტესტს აგრძელებენ და შედეგების გაუქმებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დაიშვნას ითხოვენ. სტუდენტებმა მთელი ღამე უნივერსიტეტში გაატარეს თავიანთი „ევროპული არჩევანის“ დასაცავად. ისინი ლექტორებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი შეიძლება უკიდურეს ზომამდე მივიდეს. დღეს, 18:00 საათზე ბათუმში დიდი საპროტესტო აქცია იგეგმება. ისინი ასევე მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, გააპროტესტონ და დაიცვან თავიანთი ხმა.
12:00 – მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს არჩევნებთან დაკავშირებული „დანაშაულის კვალის“ დაფარვა
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის ამოღება საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მიმდინარეობს „დანაშაულის კვალის დაფარვა“. როგორც ხაზარაძემ ფეისბუქზე დაწერა, ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც „ადასტურებს სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით“. ხაზარაძის თქმით, ცესკომ პროკურატურას გამოძიება დააწყებინა არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიტიკურ ლიდერებს ატარებენ გამოკითხვაზე, რაც, მისივე თქმით, რეალურად იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურას დაეყადაღებინა ყველა აპარატი და საარჩევნო დოკუმენტაცია, რაც დალუქა სპეციალურ საწყობში.
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი
17:00 – „კოალიციამ ცვლილებისთვის“ არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემის მტკიცებულებები წარმოადგინა
14 ნოემბერს, ოპოზიციურმა „კოალიციამ ცვლილებისთვის“, რომლის შემადგენლობაშიც არიან პარტიები „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ და რომელმაც სხვა ოპოზიციურ კოალიციებს შორის არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, დოკუმენტი წარმოადგინა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნების გაყალბების მტკიცებულება. კოალიციამ ასევე წარმოადგინა ასობით საჩივარი დარღვევების შესახებ.
ვრცელი დოკუმენტი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა, რომელსაც ყველა ქართული მედიის, მათ შორის სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ. დოკუმენტი გაყალბების შესახებ დასკვნებს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით აკეთებს.
15:15 – გახარია ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად არაღიარების მნიშვნელობას
ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარების მნიშვნელობას და ამომრჩეველთა სიების გასაჯაროება მოითხოვა, რომელიც პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში ამოიღო. მისი თქმით, ცესკოს მონაცემებზე წვდომა აღარ აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო ყურადღებას არ უთმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს, რამაც შეიძლება სერიოზულად შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 7 ნოემბრის რაუნდზე გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომლებიც „საზღვრის“ დელიმიტაციასა და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ეხებოდა.
15:00 – თამარ კორძაია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“: ხელისუფლების ყველა შტო „აქტიურად ასუფთავებს“ გაყალბებულ არჩევნებს
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის ცესკო და პროკურატურა, აქტიურად „ასუფთავებენ“ გაყალბებულ არჩევნებს. მისი თქმით, გუშინ მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის განხილვა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა, თუმცა ამაზე უარი უთხრეს. „ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის, ამიტომ ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“. თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.