სიახლეების ბლოგი | ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი პროცესი

Civil Georgia 4 თვის წინ 75
სიახლეების ბლოგი | ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი პროცესი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა „2028 წლამდე“ შეწყვიტოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირში 2030 წელს შევა, მაგრამ საკუთარი პირობებით, „ღირსეულად“. ეს განცხადება ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურას.

„ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას იჩემებს, მიუხედავად ხმების მასიური გაყალბების შესახებ არსებული წუხილებისა. პრეზიდენტი და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, ხოლო პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ჯერჯერობით, უპასუხოდ რჩება. ევროპარლამენტმა დღესვე რეზოლუცია მიიღო, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დრამატული გადაწყვეტილება ფაქტობრივად ცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკას, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული. პრეზიდენტმა, ოპოზიციის თანხლებით, წინააღმდეგობა გამოაცხადა, ხოლო მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი

01:08 – სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა

ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტთან განლაგებულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო. აქციის დასაშლელად ეს ზომა ჯერ ინტენსიურად არ გამოიყენება, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბულია. პოლიციამ მომიტინგეს  ხელნაკეთი ბანერი წაართვა, რომელზეც ეწერა „აჯანყდი“.

00:10 – შსს: აქციის მონაწილეების ქმედების შედეგად პოლიციელი დაშავდა

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუხედავად პოლიციელების მოწოდებისა მომიტინგეების მიმართ, რომ პროტესტი მშვიდობიანად გამოეხატათ,  „შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“.  შსს ასევე აცხადებს, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

23:55 – დიპლომატების ერთობლივი წერილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ათობით თანამშრომელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ისინი გამოხატავენ თავიანთ ერთგულებას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გაფართოების ფანჯარა, რომელიც ახლა ღიაა, შესაძლოა აღარასოდეს გაიხსნას. მათივე თქმით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს.

23:30 – პრეზიდენტი საპროტესტო აქციას უერთდება, სპეცრაზმს ესაუბრება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შეუერთდა, სადაც სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. აქციაზე მისვლის შემდეგ პრეზიდენტი პირდაპირ სპეცრაზმის წარმომადგენლებთან მივიდა და მათთან საუბარი სცადა. მან ჰკითხა მათ: „თქვენი მოვალეობა არ არის რომ დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?  მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ, არც ქვეყნის, არც შვილების, არც წინაპრებზე”.

23:20 – შსს აქციის მონაწილეებს „კანონსაწინააღმდეგო ქმედების“ შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების თაობაზე აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციელები მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. შსს-ს თქმით, საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

20:54 – პოლიციამ ქუთაისში მშვიდობიანი მომიტინგე დააკავა

პოლიციამ ქუთაისში მიშა მუმლაძე დააკავა. ის ქუთაისში ადგილობრივებთან მშვიდობიან აქციას მართავდა, როცა ხალხს ქუჩის გადაკვეთისკენ მოუწოდა, პოლიციელები კი თავს დაესხნენ, ტანსაცმელი დაახიეს და მიუხედავად ხალხის მოწოდებისა, რომ გაჩერებულიყვნენ, რადგან ის ცუდად იყო, პოლიციელებმს ის მანქანამდე მიიყვანეს და დააკავეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მუმლაძემ მათ ბრძანებას პატივი არ სცა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

20:30 –საქართველოს მასშტაბით პარალელური აქციები იმართება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივები იკრიბებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ აქციებია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში ხალხი სამ ადგილას იკრიბება: პარლამენტის, ქართული ოცნების ოფისისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ.

20:00 – კულტურის სფეროს, სსო-ების წარმომადგენლები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლისკენ მოუწოდებენ

კულტურის სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტის შესახებ „ქართული ოცნების“ „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაანონსეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რატი ამაღლობელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილებას ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა შეეგუონ მას. მან საქართველოში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დააანონსა და მოუწოდა ევროკავშირს უგულებელყოს არალეგიტიმური ხელისუფლების განცხადება. მისი თქმით, დღეს საქართველოს თავისუფალი მოქალაქისთვის ახალი ეტაპი დაიწყო.

თბილისში, ქართული ოცნების ოფისის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.

19:00 – პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა. ამ გადაწყვეტილებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

18:15 – „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ დღესვე მიღებული რეზოლუცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია