თხევადი გაზის ბაზარზე ვითარება დასტაბილურდა. ზაფხულის კრიზისული პერიოდის შემდეგ, რაც მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ომიდან გამომდინარე ქარხნების შეფერხებით მუშაობამ განაპირობა, საქართველოში LPG-ის მოწოდება აღდგა. წინა თვეებში იმპორტის შეფერხების შემდეგ, სექტემბერში საქართველოში თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი 77,3%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში იმპორტის 97,6% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.
“თხევადი გაზის ასოციაციის” ხელმძღვანელი სექტემბერში იმპორტის ასეთ რადიკალურ ზრდას სწორედ წინა თვეების კრიზისული პერიოდის შემდგომ იმპორტის აღდგენას უკავშირებს. ნიკა ხოფერიას თქმით, მიმდინარე წლის 9 თვის ჯამურ სტატისტიკაში იმპორტის ზრდა ასეთი თვალშისაცემი არ არის და დაახლოებით 5-10%-ის ფარგლებშია, რასაც ქვეყანაში ამავე მაჩვენებლით LPG-ის მოხმარების ზრდა განაპირობებს.
„20 სექტემბრიდან ბაზარმა დაიწყო დასტაბილურება, დაიწყო მოცულობებმა შემოსვლა. ახლა შემოდის იმპორტი ინტენსიურ რეჟიმში როგორც შემოდიოდა, არ არის რყევები, შესაბამისად ფასიც წამოვიდა ქვემოთ და დაახლოებით 1 ლიტრის ღირებულება 1,20-1,25 თეთრის ფარგლებშია“,-აცხადებს ნიკა ხოფერია.
დღეს დედაქალაქში გაზგასამართ სადგურებზე თხევადი ბუნებრივი აირის ღირებულება 1,20-1,35 თეთრის ფარგლებში მერყეობს. იმპორტიორები ამბობენ, რომ კრიზისული პერიოდი გადავლილია, შესაბამისად მათ შორის სეზონურობიდან გამომდინარე, მოლოდინია, რომ თხევად გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტისთვის ფასები საწვავზე კიდევ უფრო შემცირდება.
„ბაზარი ამჟამად დასტაბილურებულია და გაზი შემოდის შეუფერხებლად. თუ სჭირდებოდა ლოგისტიკას 3 კვირა, ახლა მანქანები ჩადიან და ბრუნდებიან 3-4 დღეში. ასევე დასტაბილურდა ფასი, კიდევ გვაქვს იმედი, რომ ახლო მომავალში ერთი თვის განმავლობაში კიდევ ფასმა უნდა დაიწიოს.
ეს არის წლიური ციკლები, ზაფხულში ზოგადად ქარხნები დგებიან პროფილაქტიკურ რემონტზე და პროდუქტის დეფიციტიდან გამომდინარე ომის ფაქტორი რომ არ ჩავთვალოთ, პროდუქტი ბირჟაზე ძვირდება, ზაფხულის მერე შემოდგომა, ზამთრისკენ თხევადი გაზი ბირჟებზე იაფდება და შესაბამისად როგორც საბოლოო მომხმარებელთან საქართველოში პროდუქტი იაფდება.
საცალო ბაზარზე დღეს თბილისის პირობებში საშუალოდ 1,25-1,30-1,35 ღირს ლიტრის და სავარაუდოდ, კიდევ დაიწევს ერთი თვის განმავლობაში 10-15 თეთრით”,-აცხადებს ნარიმან ფირცხელიანი, თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
წლებია საქართველო რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. იმპორტიორები ამბობენ, რომ რუსეთის სხვა ალტერნატიული ბაზრით ჩანაცვლება და ამ ქვეყანასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევა დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან საზღვაო გზით საწვავის შემოტანისთვის ქვეყნის საპორტო და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა შესაბამისად განვითარებული არ არის.