სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

Civil Georgia 2 კვირის წინ 19
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც სისტემური დარღვევების ფართო სპექტრია ასახული, განსაკუთრებით 2024 წლის მაისისა და ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს, და ხაზგასმულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ძირითადი ხარვეზები და გამოწვევები, მათ შორის ინსტიტუციონალური. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო 2024 წლის გაზაფხული და ზამთარი.

წლიური ანგარიში დეტალურად აღწერს მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ძალადობის სერიოზულ შემთხვევებს, პოლიტიკური უფლებების დარღვევას, არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებს და სისტემურ პრობლემებს სამართალდამცავ სტრუქტურებსა და პენიტენციალურ სისტემაში.

პოლიციის ძალადობა საპროტესტო აქციებზე და მათი დაუსჯელობა

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის გაზაფხული და ზამთარი „განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი“ იყო, რაც „ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ განაპირობა“.

სამართალდამცველების მიერ მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ეს პერიოდი გამოირჩეოდა სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების მიმართ დევნითა და ძალადობით, ორგანიზებული სატელეფონო მუქარითა და სხვადასხვა ფორმით გამოხატული ძალადობრივი შეუწყნარებლობით.

2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ან დაშავებული 624 ადამიანი მოინახულეს. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე  მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა.

მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისგებაში არ მიუციათ, ნათქვამია ანგარიშში. პრევენციული ზომების არარსებობა, როგორიცაა პოლიციელის იდენტიფიკაცია, და შედეგების ნაკლებობა დასახელდა ფაქტორებად, რამაც საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

სამოქალაქო თავისუფლებისა და შეკრების უფლებები საფრთხის ქვეშაა

ანგარიშში ღრმა შეშფოთებაა გამოხატული პოლიციის მიერ დემონსტრაციების დაშლის პრაქტიკის თაობაზე. „ამ პროცესში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მანიფესტანტთა მცირე ნაწილის ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური რეაგირების ნაცვლად, სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრებების დაშლაზე მიღებული გადაწყვეტილებები იყო, როდესაც ამის აუცილებლობა არ ყოფილა. მსგავს შემთხვევებში, საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების ფორმალური საფუძვლის არსებობის მიუხედავად, უფლება არაპროპორციულად იზღუდებოდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ), ზამთრის საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა, ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ხარვეზიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რომელიც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში თვითნებურ ჩარევას იწვევს, კვლავ სერიოზულ გამოწვევად დარჩა შეკრების მონაწილეთა დაკავების „მავნე პრაქტიკა“.

პრობლემური არჩევნები

რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც, ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, უამრავი დარღვევა გამოვლინდა, სახალხო დამცველის აპარატმა წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდში უფლებების 200-ზე მეტი პოტენციური დარღვევა დააფიქსირა.

დოკუმენტში საუბარია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, როგორიცაა ძალადობა, პოლიციის გადაცდომები, სავარაუდო მუქარა და ზეწოლა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, შესაძლო გაყალბება, ხმის ფარულობის დარღვევა, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა, ქონების დაზიანება, კამპანიის ღონისძიებების ჩაშლა და საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

მედიის თავისუფლების დარღვევა ძალადობისა და შემზღუდველი კანონმდებლობის ფონზე

დოკუმენტის თანახმად, მედიის თავისუფლება საქართველოში 2024 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც კიდევ უფრო გაამწვავა შემზღუდველმა კანონებმა, ჟურნალისტების მიმართ არსებულმა საფრთხემ და პოლიტიკურმა შუღლმა. ანგარიშში ასახულია შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები პოლიციის სამიზნეები გახდნენ საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მათ შორის ტექნიკა ჩამოართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი  მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.  დამატებით, ევროკომისიის შეფასებით, მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა მაღალი თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ. ამავე დროს, ევროკომისიამ  ქართული მედიისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად პოლარიზაცია დაასახელა“.

„ჟურნალისტების მუშაობას აფერხებს მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამ უფლების ეფექტურ დაცვას“. იგი დასძენს, რომ ევროკომისიის შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების უარყოფითი რიტორიკა საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ამავდროულად, კომისიამ პოლარიზაცია დაასახელა, როგორც ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ომბუდსმენი „პრობლემურად“ მიიჩნევს.

ასევე საგულისხმოა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული საკითხები. „კერძოდ, აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული წესების ხარვეზიანობა. აუცილებელია დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების რეფორმების გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომლის შედეგადაც გადაიხედება იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა გამოსაძიებლადაც დაუშვებელია ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გატარება; ფარულ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების ვადები და ამ ვადების გაგრძელების მაქსიმალური ზედა ზღვარი“.

მიმდინარე ინსტიტუციური და პენიტენციური გამოწვევები

ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემებში არსებული დიდი ხნის პრობლემები. გადატვირთულობა, არაფორმალური მმართველობის პრაქტიკა, არასათანადო ჯანდაცვა და გახანგრძლივებული სამარტოო პატიმრობა ადამიანის უფლებების სერიოზულ პრობლემადაა მიჩნეული. ზოგიერთ შემთხვევაში, სამარტოო პატიმრობა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას გაუთანაბრდა.

„საგულისხმოა, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის.  სამწუხაროდ, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე წლით შემცირებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა და პასუხისმგებლობის ნაკლებობა

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცველები ხშირად იყენებდნენ გადამეტებულ ძალას დაკავებულების მიმართ, რითიც არღვევდნენ მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. დოკუმენტის თანახმად, „2024 წელს დაკავებული პირების ნაწილი კვლავ საუბრობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. პრობლემურია დაკავებულებისთვის უფლებების განმარტება, ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა, ოჯახის ინფორმირება. გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული“.

სახალხო დამცველის მიგნებები საპროტესტო აქციების დარბევებზე

სახალხო დამცველის აპარატმა მომიტინგეების მიმართ სისტემურ არასათანადო მოპყრობაზე გაამახვილა ყურადღება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის დემონსტრაციების დროს, მათ შორის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები გამოყო. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა გადამეტებული ძალა გამოიყენა, რასაც ათობით დაზარალებული მოყვა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდენტიფიკაციის გარეშე მუშაობდნენ, რის გამოც მათ მიერ პასუხისგება თითქმის შეუძლებელი გახდა. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცალკეულ შემთხვევებში უარი თქვა პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების საკითხზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად აშკარა შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის გადაცდომის გამოვლენა შეიძლებოდა, არცერთი ოფიცერი არ მიუციათ პასუხისგებაში, გამოძიებაც არაეფექტურია და მხოლოდ ქვედა დონის თანამშრომლებზეა ფოკუსირებული. გარდა ამისა, არასათანადო მოპყრობის საქმეები არასწორად იქნა კლასიფიცირებული ნაკლები ბრალდებებით, რაც ვერ ასახავს ძალადობის სიმძიმეს.

დოკუმენტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდის ამსახველი უმეტესი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი (მათ შორის, ხელის რადიოსადგურების ჩამწერები/ე.წ. რაციები), ვერც სახელმწიფო უწყებებიდან და ვერც პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კერძო ობიექტებიდან, სხვადასხვა მიზეზზე, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავ მიზეზებზე მითითებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ   გაზაფხულის აქციების პერიოდში აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკურად მოძალადე სხვადასხვა ჯგუფიდან/პირიდან პასუხისგებაში მიცემული თითქმის არავინ არის. ასევე დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის, ჟურნალისტებს“. ამასთან, არ არის გამოვლენილი გაზაფხულის აქციებისას მოქალაქეებზე მიმდინარე სატელეფონო მუქარების, შეურაცხყოფების სავარაუდო ორგანიზატორები და ამსრულებლები, ხოლო დაკავებულებს თვითნებურად და შაბლონურად უხანგრძლივდებათ დაკავების 24 საათი 48 საათამდე, რაც „განზრახ უკანონო დაკავებაზე შეიძლება მიანიშნებდეს“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობას, თვითნებურ დაკავებას და პირადი ნივთების ჩამორთმევას, ქალები კი სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე იტყობინებიან.

„ორ საქმეში, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჩადებაზე და მათ უკანონო დაკავებაზე მიუთითებენ, პოლიციას ჩხრეკა-ამოღების განხორციელების პროცესში არც კი უცდია ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა“, – ნათქვამია ანგარიშში.   

ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წელს თამაზ გინტურის, 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაუსჯელები რჩებიან. გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავების ხშირი შემთხვევები, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეების გადაადგილება.

ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. სახალხო დამცველის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია