
საქართველოში სიტუაციის გაუარესება უნდა შეწყდეს, დრამატული დემოკრატიული უკუსვლა შეიცვალოს, ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ შესრულდეს – ედიტ ესტრელა
იანვარში ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო და დაგმო პოლიციის სისასტიკე დემონსტრაციების კონტექსტში, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა, სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება, – ამის შესახებ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ედიტ ესტრელამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება.
„ვიდრე მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ მიღებულ რეზოლუციის შინაარსს წარმოგიდგენდეთ, ნება მიბოძეთ პირადი შენიშვნით დავიწყო. საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვარ და ვიტყვი, რომ ეს არ არის ის რეზოლუცია, რომლის წარმოდგენაც დღეს ამ ასამბლეისთვის მსურდა. ეს არ არის ის დებატები, რომელსაც გაზაფხულის სესიაზე ველოდებოდი. გახსოვთ, იანვარში ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირების შესახებ. გახსოვთ, ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო და დაგმო პოლიციის სისასტიკე დემონსტრაციების კონტექსტში, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა. სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეინიშნება. პირიქით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ბოლო ამბებისა და ცნობების თანახმად, სიტუაცია გაუარესდა. დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვებით რატიფიცირებასთან ერთად, ასამბლეა ჩამოაყალიბა მკაფიო რეკომენდაციები და მოთხოვნები ქვეყანაში კრიზისის დარეგულირების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ის ელოდება მკაფიო და ხელშესახებ პროგრეს ამ სესიისთვის. შესაბამისად, ჩვენ მიერ დღეს წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტში ჩვენ ვაჯამებთ იანვრის დებატების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა ედიტ ესტრელამ.
მისი თქმით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეული არ არის და პირიქით, გრძელდება დემოკრატიული უკუსვლა.
„ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი არ მიღწეულა და საპირისპიროდ, დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა. სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა ფრონტზე. ნაბიჯები არ გადადგმულა რათა შესრულებულიყო ასამბლეის მოწოდებები, დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, რათა შექმნილიყო საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ რეზოლუციაში აღვნიშნეთ საარჩევნო კანონმდებლობაში რამდენიმე შესწორება, რომლებიც ამ გარემოს კიდევ უფრო ნაკლებად ხელსაყრელს ხდის დემოკრატიული არჩევნებისთვის და ინტერაქციისთვის. გრძელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების დაკავება და სამართლებრივი პროცედურის ბოროტად გამოყენება. წინასწარი პატიმრობა არაერთხელ ხანგრძლივდება სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. გავრცელებული ცნობებით, პოლიციის მხრიდან დემონსტრაციების დროს ძალადობის შემთხვევები შემცირდა, თუმცა ამ დრომდე არ გამოძიებულა ეფექტიანად. დაუსჯელობა გრძელდება. ღრმად შემაშფოთებელია, უფლებადამცველების და საქართველოს ომბუდსმენის ანგარიშები, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი გახდა წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი დაკავების ან პატიმრობის დროს. ეს გაუარესება უნდა შეწყდეს. დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს, ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ედიტ ესტრელამ.
პირველი არხი