საქართველოში ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 237 ლარამდე გაიზარდა

News.ge 2 თვის წინ 89
საქართველოში ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი 237 ლარამდე გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 2 629 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელიწადში 35%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.
ძვირფასი ლითონის ფასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში ოქროზე ფასის ზრდას ანალიტიკოსები პირდაპირ უკავშირებენ ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებას. მანამდე ძვირფასს ლითონზე მაღალ ფასს ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებდა.
ბუნებრივია გლობალურად ოქროს გაძვირება მოქმედებს ქართულ ბაზარზეც. თბილისში, კიდობანის ოქროს ბირჟაზე ერთი გრამი ბაჯაღლოს შესასყიდმა ფასმა უკვე გადააჭარბა 230 ლარიან ნიშნულს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ფასი გაზრდილია ოქროს ნაკეთობებზეც.
„სადღაც სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო ოქროს ფასის მატების ტენდენცია, გვეგონა, რომ შეჩერდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველდღე იცვლება ფასები. გრამი ბაჯაღლოს ფასი გახდა 237 ლარი, 10-15%-ით უკვე გაიზარდა ფასი ამ ორი კვირის მანძილზე.
გაძვირდა ნაკეთობების შემოტანაც. 1 გრამი იტალიური ნაწარმის ფასი 170 ლარიდან იწყება. თუ ბრენდულია 200, 250 ლარი ღირს. 100 დოლარამდე ღირს გრამი ბრენდული ნაწარმი“,-აცხადებს bm.ge-სთან ალექსანდრე ბარსელიანი, ოქროს ექსპერტ-დილერი.
უახლოეს პერიოდში ოქროს გაიაფების მოლოდინი არც ბიზნესს აქვს და არც ანალიტიკოსებს. მოლოდინია, რომ უნცია ოქროს ღირებულება ზრდას გააგრძელებს და 2025 წლისთვის არ არის გამორიცხული 3000 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.
„დღეის მდგომარეობით ოქროს წლის დასაწყისიდან დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი და ეს ზრდა ბევრად ადრე დაიწყო. თითქმის უკვე 21 თვიანი უწყვეტი ზრდა ფიქსირდება ბაზარზე.
ბოლო კვირების განმავლობაში ოქრომ არაერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, თუმცა მიუხედავად ამისა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მას კიდევ დარჩა ზრდის პოტენციალი. City Bank-ის პროგნოზით , მაგალითად 2025 წლის შუისთვის დაახლოებით 3 000 დოლარს უნდა მიაღწიოს ოქროს ფასმა ერთ უნციაზე. სხვა ანალიტიკოსების შეფასებით, კონსერვატიული პროგნოზით 2700-2800 დოლარის ფარგლებში იქნება, თუმცა მიუხედავად ამ განსხვავებისა ბაზარზე არის მოლოდინი, რომ ზრდის მომენტუმი გაგრძელდება წელსაც და მომავალი წლის დასაწყისშიც“,-აცხადებს Galt&Tagart-ის უფროსი ანალიტიკოსი სერგი ყუროშვილი.
ოქროსთან ერთად საყურადღებოა ისიც, რომ იზრდება ვერცხლის ფასიც და მისი ღირებულება ამ დროისთვის 30 დოლარს აჭარბებს. ბოლო 6 თვეში ვერცხლის ღირებულება 26%-ით, ბოლო ერთ წელიწადში კი თითქმის 35%-ით არის გაზრდილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია