“საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან… ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა” – დემნა გვასალიას აღიარება

Dailyinfo.cc 3 თვის წინ 40
“საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან… ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა” – დემნა გვასალიას აღიარება

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იშვიათად თანხმდება ინტერვიუზე. ამჯერად გამოცემა NYT Style Magazine-თან გადაწყვიტა საუბარი და გულახდილად უამბო ჟურნალისტს თავის შემოქმედებაზე, მსოფლიო ამბებზე, სოხუმიდან გაქცევაზე და იმაზე, თუ რატომ არ შეუძლია საქართველოში დაბრუნება.

ამ წლის მარტში, 10 დღეში მას მერე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ბალენსიაგას ჩვენება შედგა პარიზთან ახლოს. მართალია, თავდაპირველად შოუ ჩაფიქრებული იყო, როგორც კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პროტესტი, მსოფლიოში მიმდინარე ამბების გამო, დემნამ შოუ მიუძღვნა უკრაინაში ომს. მოდელები ნამდვილი ქარბუქის გავლით შემოდიოდნენ პოდიუმზე, რაც მოვლენების ერთგვარი მეტფორა იყო. გვასალიამ აღნიშნა, რომ უკრაინის ამბებმა მას წარსულის ტრავმები გაუღვიძეს: 1993 წელს იგივე მოხდა მის სამშობლოში და ის სამუდამოდ იქცა დევნილად. 
“ეს შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები”, – ამბობდა მაშინ დემნა. 

ამჯერად ინტერვიუში ისევ გაიხსენა ის ჩვენება: “აი, რატომ არასოდეს არ ჰქონდა მოდას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. მე მიყვარს ამის კეთება, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის სულ ერთია. მე ისეთი რამეები მინახავს, რომელთა გამოც მოდა უადგილო ჩანს ხოლმე”.

mshoblebi

როცა 1991 წელს დაიწყო ცნობილი ამბები აფხაზეთში, დემნა 11 წლის იყო. ომი რომ გამძაფრდა, დემნა ძმასთან, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად დევნილად იქცა (დემნას მამას ავტოსახელოსნო ჰქონდა, ომამდე, დედამისი კი, ელვირა, დიასახლისი იყო). თავდაპირველად მანქანით დაიძრნენ თბილისისკენ, მერე კი ფეხით მოუწიათ გზის გაგრძელება და სამი კვირა იყვნენ გზაში. როცა დემნას ბებია იმდენად სუსტად იყო, რომ ვეღარ დადიოდა, დედამისმა ავტომატი გაცვალა ცხენში…

41 წლის დემნა იხსენებს, რომ ამ მოვლენებამდე ის “კეთილი და ლაღი ბიჭი” იყო, რომელიც სახლში ოჯახისთვის მუსიკალურ შოუებს დგამდა და “მის სამყაროს” კონკურსის მონაწილეებს ხატავდა, ამ ამბების მერე კი მხოლოდ ცუდ ამბებზე შეეძლო ფიქრი. დემნას თქმით, ერთხელ ღამით მამამისის სიტყვები მოისმინა, რომ მას ჭურვები ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ მათ ტყვედ აიყვანდნენ, თავსაც მოიკლავდა და შვილებსაც მოკლავდა, რომ არ ეწამებინათ. ამის მერე მამისაც ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამას არასოდეს გააკეთებდა. 

საბოლოოდ ოჯახი მშვიდობინად ჩავიდა თბილისამდე და ყველაზე ნათელი მოგონება ამ დროიდან, დემნას თქმით, რომელიც სულ რამდენიმე ნივთის ამარა ჩამოვიდა დედაქალაქში, ძველ სამოსში გამოწყობილი, იყო საწოლში ძილი. საქართველოს დემნა სევდით იხსენებს და ამბობს, რომ დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ღია გეია და მისი ნათესავები კი – ჰომოფობები. “საქართველოში ვერ დავბრუნდები, იქ სიკვდილით მემუქრებიან. ჩემი ღვიძლი ბიძაა ერთ-ერთი მათგანი”, – ამბობს დემნა. მან მოყვა, როგორ აუკრძალა ბიძამ მეზობლის ბიჭთან ურთიერთობა, როცა ისინი ერთხელ ერთად ნახა.

დემნას თქმით, პირველი მამაკაცი მის ცხოვრებაში 25 წლის ასაკში გამოჩნდა, თუმცა მშობლებს მხოლოდ 32 წლისამ უთხრა. ძირითადად ურთიერთობდა ადამიანებთან, რომლებმაც იცოდნენ სიმართლე, მაგრამ მათთვის სულ ერთი იყო. 

mshoblebi

დემნა ძმასთან – გურამთან და ცნობილ რუს მსახიობსა და რეჟისორთან ერთად
“იმ ქვეყანაში გაზრდილი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვარ, ყოველთვის ვცდილობდი, მაგარი ბიჭის როლი მეთამაშა, რომელსაც შეეძლო იმ უბნებში გადარჩენა, სადაც ვცხოვრობდი. მაგრამ შინაგანად ამას ვერ ვგრძნობდი”, – ამბობს დიზაინერი. 
მისი პირადი ცხოვრება კი 2016 წელს შეიცვალა, როცა ინტერნეტით გაიცნო კომპოზიტორი და მუსიკოსი ლოიკ გომესი და 2007 წელს ცოლადაც გაჰყვა. ახლა 42 წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ციურიხთან ახლოს და მათთან არის დემნას დედაც. 

mshoblebi

დედასთან ერთად

mshoblebi

მეუღლესთან ერთად

დემნამ ისაუბრა კრიტიკაზეც და იმაზეც, რომ არ უყვარს ფუფუნება. “ფუფუნება იმისთვისაა, რომ სიმდიდრე წარმოაჩინო. მე მირჩევნია, ვატარო ჩანთა, რომელიც არ დამამსგავსებს ბურჟუაზიულ ავ ქალბატონს, ვისაც ამის ფუფუნება აქვს”. 
მიუხედავად წარმატებული კარიერისა, დემნას ისევ ტანჯავს შინაგანი კომპლექსები და პრობლემები, რომლებსაც თავის ფსიქოლოგთან განიხილავს ხოლმე. როგორ თავად აღიარებს, რომ ყველაზე მეტად “სარკეში საკუთარ ანარეკლზე” აქვს პრობლემები, რის გამოც ხშირად ფოტოებს თავისივე შექმნილი შავი ნიღბით იღებს ხოლმე. 

ცნობისათვის, დემნა გვასალიამ საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლობდა ანტვერპენში გამომსახველობითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო ტანსაცმლის დიზაინის განხრით. წამყვანი დიზაინერი იყო Maison Margiela-სა და Louis Vuitton-ში, 2014 წელს კი შექმნა ბრენდი Vetements ძმასთან ერთად. მას მერე, რაც დემნა წამოვიდა ამ ბრენდიდან, გურამი ჩაუდგა მას სათავეში, დემნა ი 2015 წლიდან არის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი.

წყარო: https://www.mshoblebi.ge/

სრულად წაიკითხეთ სტატია