საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება  

Civil Georgia 1 დღე წინ 14
საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება  

14 აპრილს, საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ქართული საზოგადოების პროტესტის შედეგად საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. წლევანდელი აღნიშვნა რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების 138-ე დღეს ემთხვევა. საღამოს დაგეგმილია სტუდენტების დიდი აქცია, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ გაემართებიან.

1978 წლის 14 აპრილს, ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელმძღვანელობამ საბოლოოდ უარი თქვა ამ ინიციატივაზე.

„სამოქალაქო საქართველო“ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გთავაზობთ, რომელთაგანაც ბევრმა საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გარეტ უორდი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში „1978 წლის 14 აპრილს თბილისში მოეწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად. საყოველთაო სახალხო ზეწოლის შემდეგ  საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია. გილოცავთ ქართული ენის დღეს! უნიკალურ ქართულ ენას გაუმარჯოს“.

შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „ვულოცავ დედაენის დღეს ქართველებს, რომლებიც იხსენებენ ეროვნულ მობილიზაციას ქართული ენის დასაცავად საბჭოთა ბატონობის წინააღმდეგ 1978 წლის 14 აპრილს“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: „1978 წლის 14 აპრილს, სტუდენტების სიმამაცისა და მიზანდასახულობის წყალობით, შესაძლებელი გახდა უნიკალური ქართული ენის– საქართველოს იდენტობის, კულტურისა და განათლების საფუძვლის – შენარჩუნება. ევროკავშირი თქვენთან ერთად აღნიშნავს საქართველოს ენობრივი მემკვიდრეობის დაცვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს“.

აშშ-ის საელჩო თბილისში: „ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს! 47 წლის წინ ქართველებმა სიმამაცით დაიცვეს ქართული ენა საბჭოთა კავშირის მცდელობისგან, წაერთმია მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავთ კულტურულ საგანძურს, რომელსაც თაობები უფრთხილდებიან“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია