საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

Civil Georgia 2 თვის წინ 23
საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

26 მაისს საქართველო პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 107-ე წლისთავს და დამოუკიდებლობის აღდგენის 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

წელს დამოუკიდებლობის დღე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მზარდი საერთაშორისო იზოლაციის, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებით გამოწვევული მზარდი შეშფოთებისა და მიმდინარე პროევროპული და რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე იმართება. ოფიციალური ცერემონიის გარდა, თბილისში რიგი მსვლელობები გაიმართა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეკრებილებს რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე მიმართავს. დღეს უკვე 180-ე დღეა, რაც ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. თბილისის მასშტაბით, მათ შორის ქუჩებში, სასურსათო მაღაზიებში, სწრაფი კვების რესტორნებში, უნივერსიტეტებსა და ქსელურ მაღაზიებში ახალი ბანერები გამოჩნდა პროევროპული და საპროტესტო გზავნილებით.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე თბილისის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი  ირაკლი ჩიქოვანი. ცერემონია თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულების ტრადიციული ფიცის დადების ცერემონიით დასრულდა.

მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა

საქართველოს პრეზიდენტი ასევე თავდაცვის ძალების მთავარსარდალია. ოფიციალური ცერემონია, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უძღვებოდა, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოდის, 2025 წლის 26 მაისი; ფოტო: ირაკლი კობახიძე/ფეისბუქი

„26 მაისი არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო“, – განაცხადა ყაველაშვილმა. „დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი“.

მისი თქმით, სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. „ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია – ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი. სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია“, – განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა: „თუ ამ სამიდან რომელიმე გამოაკლდება, ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია. დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება“.

აღნიშნა რა, რომ საქართველოს წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომლებიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს, ყაველაშვილმა განაცხადა: „ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა“.

ყაველაშვილი ევროპის თემასაც შეეხო და განაცხადა: „ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო“.

„ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით, მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს“, – აღნიშნა მან.

ყაველაშვილმა „ტრადიციულ“ ქართულ ოჯახზეც ისაუბრა და მას „ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი“ უწოდა. „ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას“, – განაცხადა მან და ერის გაერთიანების საქმეში ქრისტიანობის როლს გაუსვა ხაზი.

ყაველაშვილის თქმით, ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია „ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე“.

„მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული“, – დასძინა მან.

ირაკლი კობახიძის გამოსვლა

თავის სიტყვის დასაწყიაში კობახიძემ განაცხადა, რომ „ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს“.

„საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოდის, 2025 წლის 26 მაისი; ფოტო: ირაკლი კობახიძე/ფეისბუქი

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას: პირველი, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არცერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში; და მეორე, ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო – საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ“.

მან აღნიშნა, რომ წარსულში სწორედ საბჭოთა მმართველობამ გააღვივა „სიძულვილი“ ქართულ საზოგადოებაში და დასძინა: „მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის სიძულვილი ქართველებს შორის“. თავის გამოსვლაში კობახიძეც შეეხო ოჯახისა და რელიგიის თემებს.

მან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, მის მიერ „საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი“ გააკრიტიკა. „თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის“.

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – დასძინა კობახიძემ.

საპროტესტო მსვლელობები

16:00 საათზე მომიტინგეებმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრება დაიწყეს. მოგვიანებით გოგონათა მსვლელობა გაიმართა, რომელთაც 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლისთავზე „შევარდენის“ ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფის მსგავსად ჩაიცვეს.

ქალების საპროტესტო მსვლელობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2025 წლის 26 მაისი, რუსთველის გამზირი. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge
ქალი ტანმოვარჯიშეების მსვლელობა თბილისის ცენტრში, 1919 წლის 26 მაისი.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია