საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სამძიმრის წერილს ავრცელებს

Primetime.ge 2 საათი წინ 3
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სამძიმრის წერილს ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გარდაცვლილი სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტის, თორნიკე წილოსანის, მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ნიჭიერი და იმედისმომცემი სტუდენტის - თორნიკე წილოსანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უკურნებელ სენთან ბრძოლა ერთობ ხანმოკლე და ტრაგიკული აღმოჩნდა გულისხმიერებითა და სიკეთით აღსავსე ჩვენი მაგისტრანტისთვის, მისი ოჯახისა და მეგობრებისთვის, მისი მშობლიური ლანჩხუთისა და მისი ალმა-მატერისთვის.გვინდა თორნიკე წილოსანის ოჯახმა იცოდეს, რომ მათი შვილი იყო მაღალი სამეცნიერო მოტივაციის მქონე, ნიჭიერი, კეთილშობილი და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა, რომელიც გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ადამიანური ღირებულებებით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები 2019 წლიდან იცნობენ თორნიკეს, იმ დროიდან, როცა ის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და მიენიჭა პროფესიული უსაფრთხოების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ თორნიკეს მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს - ღმერთმა მისცეს მათ ძალა და „ჭირსა შიგან გამაგრება“.გამორჩეული სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ხსოვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან.
სრულად წაიკითხეთ სტატია