საქართველოს საპატრიარქომ 29 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ეკლესიის „გულისტკივილსა და შეშფოთებას“ იწვევს. საპატრიარქომ მოუწოდა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას პატივი სცენ ერთმანეთის „განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს“ და თავი შეიკავონ ძალადობისგან, „ზოგადად ქრისტიანული სულისკვეთებისათვის“.
„მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქომ განაცხადა, რომ „მასმედიით გავრცელებულ არაერთ კადრში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეღწევას და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას. თავის მხრივ, ვიხილეთ აგრესიული ქმედებები სამართალდამცავების მხრიდან. ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომელთა უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ფაქტების დაფიქსირება და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა“.
„სამწუხაროა, რომ დღესაც, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ეს სურათი არ იცვლება“, – აცხადებს საპატრიარქო. „ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება“.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კურსის მიუხედავად.
„მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მმართველი პარტიის პოლიტიკა ჯერ კიდევ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოიწონა, ხოლო პატრიარქმა ილია მეორემ ქართულ ოცნებას „ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება“ მიულოცა.