
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია. რეინვესტიციამ 150 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6%-ით განისაზღვრა.
2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი – 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ – 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი – 52.3 მლნ. აშშ დოლარით (29.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 83.6 პროცენტი შეადგინა.