საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს და მას ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.
სწავლება 25 ივლისს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა.
სწავლების გახსნის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.
Agile Spirit 2025 რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში – საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში – მე-2 ქვეით ბრიგადაში.
წლევანდელ სწავლებაში, დაახლოებით, 2 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, სწავლებაში ასევე მონაწილეობს 800-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო.