ფოტოებსა და ვიდეოებში საქართველოსა და სერბეთის საპროტესტო აქციებს შორის მსგავსება აშკარაა. ორივე ქვეყანაში ხალხს აღარ სურს ავტორიტარიზმისკენ გადახრილი ხელისუფლება. ორივე საპროტესტო მოძრაობა, თავისი არსით, პროდემოკრატიულია. ერთმანეთს დროშიც კი ემთხვევა: ორივე დაახლოებით სამი თვეა გრძელდება და ორივეგან ამბობენ, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. ორივე ქვეყანაში ხალხი ახლა შეიძლება იყოს შეწუხებული, თუმცა ნაკლებად გამტყდარი, გაურკვევლობით მოცული, თუმცა ნაკლებად ჩაძირული უიმედობაში, ზოგჯერ იმედგაცრუებული, თუმცა კვლავ მოწოდებული ცვლილებისთვის უკეთესობისკენ.
გასულ შაბათს, საქართველოში უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე შესრულდა. დიდი რაოდენობით ხალხმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართა ევროპის მოედნიდან პარლამენტამდე, სადაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვა უკვე რუტიდან იქცა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, მმართველმა პარტიამ, რომელსაც სადავო არჩევნების გამო ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მიატოვა. იმავე დღეს, 15 თებერვალს, სერბეთში სახელმწიფოებრიობის დღე აღინიშნებოდა. ამ დღეს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ქვეყნის ცენტრალურ ქალაქ კრაგუჯევაკში. სერბეთში სტუდენტური ანტი-კორუფციული გამოსვლები უკვე სამ თვეზე მეტხანს გრძელდება. მათი საფუძველი გახდა 1 ნოემბრის ტრაკიგული შემთხვევა ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურის ჩამონგრევამ 15 ადამიანი იმსხვერპლა.


ორი ქვეყნის ქუჩებში უამრავი ადამიანის დანახვით შესაძლოა ორი ტყუპისცალი მოძრაობა წარმოგვიდგეს თვალწინ. თუმცა, ახლო დაკვირვება ცხადყოფს, რომ ორ ბრძოლას სრულიად განსხვავებული კონტექსტი აქვს.
გამომწვევი მიზეზები: ტრაგედია და საგარეო კურსის ცვლილება
ორივე ქვეყანაში ბრაზი წლების განმავლობაში გროვდებოდა და საჭირო იყო ბოლო წვეთი, რომელიც ხალხის მოთმინების ფიალას აავსებდა. ეს “წვეთი” სერბეთში ინფრასტრუქტურული კოლაფსი გახდა – ტრაგიკული შემთხვევა მწარე შეხსენება აღმოჩნდა იმისა, რომ კორუფცია ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს; საქართველოში კი ასეთი აღმოჩნდა მთავრობის გადაწყვეტილება, შეეცვალა საგარეო პოლიტიკის კურსი – ცვლილება, რომელიც თუ წინააღმდეგობის გარეშე გადაივლიდა, დემონსტრანტების აზრით, ქვეყნისთვის ეგზისტენციალურად დამღუპველი აღმოჩნდებოდა.
1 ნოემბერს, სერბეთის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, ნოვი სადში რკინიგზის სადგური ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგიკულმა შემთხვევამ კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები გააჩინა. რკინიგზის სადგურის აღდგენის პროექტს, რომლის დეტალებიც კვლავ საიდუმლოდ რჩება, ჩინური კომპანია აფინანსებდა. გამჭვირვალობის არარსებობამ, რაც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, პიკს მიაღწია. რამდენიმე კვირის თავზე, 22 ნოემბერს, ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს, რომლებიც ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებდნენ, თავს დაესხნენ სერბეთის მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები. საპასუხოდ, სტუდენტებმა ფაკულტეტი დაიკავეს. მალე სერბეთის ხელისუფლება ფართო საპროტესტო მოძრაობის პირისპირ აღმოჩნდა, რომლის სათავეშიც სტუდენტები ჩადგნენ.

ნოვი სადის ტრაგედიამ და ბელგრადში სტუდენტებზე თავდასხმამ “ამოხეთქა ის დაგროვილი ბრაზი და იმედგაცრუება, რაც ამჟამინდელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიერ სახელმწიფოს მიტაცების გამო არსებობდა,” გვეუბნება ივან ვეჯვოდა, ვეტერანი სერბი მკვლევარი, რომელიც ამჟამად ვენაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტში მოღვაწეობს.
საქართველოში უწყვეტი პროტესტის საფუძველი გახდა 28 ნოემბერს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, “2028 წლამდე” დღის წესრიგიდან ამოეღო ევროკავშირში გაწევრების საკითხი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნები და გაზაფხულის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რუსული სტილის კანონების წინააღმდეგ. ბევრი ქართველისთვის, 28 ნოემბრის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევისა და შესაბამისად, რუსეთთან დაახლოების, საბოლოო დასტური აღმოჩნდა.
თუკი სერბეთში პროტესტი საშინაო მმართველობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია, ქართველების ბრაზს გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს. შესაძლოა სწორედ ამ გეოპოლიტიკური ელემენტის არარსებობა განასხვავებს სერბეთს საქართველოსგან.
სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა
საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ეროვნულ დროშასთან ერთად ხშირად ჩანს ევროკავშირის დროშაც. ზოგჯერ შეინიშნება უკრაინის, აშშ-ისა და გერმანიის დროშებიც. სერბეთში ასე არაა. იქ მხოლოდ ეროვნული დროშები ფრიალებს და მათთან ერთად ხშირად ჩანს საპროტესტო აქციების სიმბოლო – სისხლიანი ხელი, რომელიც ნოვი სადის ტრაგედიაში მთავრობის დანაშაულს ასახავს.

სერბების ფოკუსირება ისეთ საშინაო საკითხებზე, როგორებიცაა კორუფცია და მმართველობა, იმით აიხსნება, რომ მათთვის საგარეო პოლიტიკური მისწრაფება არ წარმოადგენს ისეთ გამაერთიანებელ თემას, როგორიც ეს ქართველებისთვისაა.
“გეოპოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მხოლოდ პოლარიზაციას შემოიტანს ხალხში, რომელიც სერბეთის მთავრობის დანაშაულებრივი მმართველობის წინააღმდეგაა გაერთიანებული,” ამბობს მილან ვუჯიცი, 27 წლის სერბი იურისტი და აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში. თუ საპროტესტო აქციებზე ევროკავშირის დროშა გამოჩნდება, “ეს მხოლოდ შიდა დებატებსა და პოლარიზაციას გამოიწვევს დემონსტრანტებს შორის, რაც ახლა საერთოდ არაა საჭირო.”
ევროკავშირში წევრობის საკითხზე ორი ქვეყნის ხალხებს შორის მკვეთრი განსხვავება ნათლად ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) 2024 წლის კვლევის თანახმად, სერბთა მხოლოდ 40% უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრებას. საქართველოში ეს მაჩვენებელი, ბოლო კვლევის თანახმად, რეკორდულად მაღალ (86%) ნიშნულზეა. თუ ევროკავშირის თემა ქართველებს აერთიანებს, იგივე თემა სერბებს ყოფს.

ამას გარდა, ორი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსები ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. თუკი საქართველოს მმართველი პარტია თავისი პრო-რუსული ორიენტაციისა და ქმედებების გამო დასავლური სამყაროსგან სრულად იზოლირებულია, სერბეთის ხელისუფლება, ოფიციალურად მაინც, ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულია. იგი მუდამ იმეორებს, რომ ევროკავშირი ქვეყნის “სტრატეგიული ორიენტაციაა” და განსხვავებით “ქართული ოცნებისგან,” ევროკავშირის გზიდანაც არასდროს გადაუხვევია. მიუხედავად მოქალაქეების აზრისა, რომ “ფუნდამენტურ პრინციპებზე” – კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე – ქვეყანაში უკუსვლაა, სერბეთი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებისთვის ტექნიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
პრეზიდენტ ვუჩიჩს დასავლეთის ლიდერები სანდო პარტნიორად აღიქვამენ და კარგადაც იღებენ. ვუჩიჩი “დასავლეთისკენ იხრება,” ამბობს ვეჯვოდა და მიუთითებს სამ ფაქტორზე, რომლებიც უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებთანაა დაკავშირებული: 1. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე სანქციები არ დაუწესებია, სერბეთი უკრაინას მნიშვნელოვანი საარტილერიო ჭურვებით ეხმარება; 2. სერბეთმა საფრანგეთისგან შეიძინა საბძოლო თვითმფრინავები, რითაც უსაფრთხოების საკითხებში რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირა. სერბეთმა საფრანგეთს ბელგრადის აეროპორტიც გადასცა დროებით საკუთრებაში; 3. გასულ წელს სერბეთსა და ევროკავშირს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც ლითიუმის მოპოვების პროექტის განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტით გაიზრდება ევროკავშირში ბატარეებისა და ელექტროავტომობილების წარმოება.
ამ მიზეზების გამო, ამბობს ვეჯვოდა, დასავლელი ლიდერები – განსაკუთრებით ევროკავშირში – თვალს ხუჭავდნენ ვუჩიჩის საშინაო მმართველობაზე. “მსოფლიო გეოპოლიტიკის გამო, დღევანდელ პროტესტებამდე ისინი თვალს ხუჭავდნენ დემოკრატიის მდგომარეობაზე”, აღნიშნავს იგი. “თუმცა ამაში ჩვენ ფასი გადავიხადეთ: სერბეთის დემოკრატია დეგრადირდა, ვუჩიჩმა ძალაუფლების დანაწილება მოშალა, ხელში ჩაიგდო სასამართლო და პროკურატურა, მედია სივრცეც ცუდ დღეშია, რადგან იგი აკონტროლებს ქვეყნის ოთხ მთავარ არხს”, დასძენს მკვლევარი.
განსხვავებულია თავად ევროკავშირის პასუხიც ორი ქვეყნის პროტესტზე. საქართველოს შემთხვევაში, სადაც ხალხს პროევროპული ძალისხმევის აღიარება სჭირდება, ხოლო მთავრობამ ბრიუსელთან ყველანაირი დიალოგი გაწყვიტა, ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებას ხმამაღლა გამოთქვამენ და დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღდუვებიც კი დააწესეს. ხოლო სერბეთის შემთხვევაში, რომლის ლიდერსაც ბრიუსელთან კავშირები შენარჩუნებული აქვს, ევროკავშირი ჩუმადაა.
თუმცა საქართველოში პროდასავლური სენტიმენტების საფუძველი მხოლოდ გეოპოლიტიკა არაა. მასში მმართველობის სასურველი მოდელისადმი სურვილიც ჩანს. “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე ხალხი აღნიშნულ კანონს “რუსულს” ეძახდა, რადგანაც მისი აღსრულებით ქვეყანა გადავიდოდა მმართველობის რუსულ მოდელზე, რომელიც დესპოტური, კორუმპირებული, თვითნებური და სრულიად არათავისუფალია.
მოთხოვნები უნდა შესრულდეს
ამ ეტაპზე ბოლო არცერთ საპროტესტო მოძრაობას უჩანს. ორივე მათგანის მონაწილეები ჯიუტაც იმეორებენ, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება – ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ისინი ამ მოთხოვნებს შესაძლოა განსხვავებულად აყალიბებენ, თუმცა ორივეს საბოლოო მიზანი სამართლიანობა და რეჟიმის ცვლილებაა.
ქართველები მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ იგი მმართველი პარტიის დიქტატისგან თავისუფლად ჩატარდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ნდობა დაეცა, ახლა კი საუბარი იმას შეეხება, რომ თუ ახალი არჩევნები იქნება, აუცილებელია იგი ძირეულად განახლებული წესებითა და შესაძლო საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდეს. მეორე მოთხოვნაა გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებიც დემონსტრანტების აზრით, უკანონოდ არიან დაკავებულნი.
სერბ დემონსტრანტებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: ნოვი სადში რკინიგზის სადგურის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროება; ბელგრადში სტუდენტებზე თავდამსხმელთა გამოაშკარავება და გასამართლება; საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და მათთვის სასჯელების მოხსნა; უმაღლეს განათლებაში დაფინანსების 20%-ით გაზრდა.

ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით, ბელგრადი დათმობებზე მეტნაკლებად წასვლის სურვილს გამოხატავს. 2025 წლის იანვარში, როდესაც გაფიცვებმა და პროტესტებმა პიკს მიაღწია, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რამდენიმე სტუდენტსა და პროფესორს სასჯელი მოეხსნებოდა და მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდებოდა. მან ახალი არჩევნების შესაძლებლობაზეც მიანიშნა. სერბეთის პრემიერმინისტრი გადადგა. მთავრობამ რკინიგზის სადგურის აღდგენასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი რამდენჯერმე გაასაჯაროვა, თუმცა სრულად არა, რამაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. დემონსტრანტები დოკუმენტების სრულად გასაჯაროებას მოითხოვენ და ხელისუფლებას ამ საკითხში აღარ ენდობიან.
“ჩემი აზრით, არავის სჯერა, რომ ეს დოკუმენტები სარწმუნოა,” გვეუბნება მილან ვუჯიცი. ივან ვეჯვოდაც ასე ფიქრობს და აღნიშნავს, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სტუდენტური მოძრაობა არ იტყვის, რომ მოთხოვნების შესრულებით კმაყოფილია. ამასთან, იგი დასძენს, რომ ჩინურ კონტრაქტორთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულად გასაჯაროება ვუჩიჩისთვის “პოლიტიკური სუიციდი” იქნება, რადგან ამ შემთხვევაში გამოვლინდებიან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც პროექტიდან, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობის ფულს იღებდნენ.

მეორე მხრივ, საქართველოს მმართველი პარტია არც კი განიხილავს დემონსტრანტების მოთხოვნებს. მეტიც, იგი მათ პასუხობს უფრო მკაცრი კანონმდებლობით, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრის მქონეთა დაშინება და მათი ხმის ჩახშობაა. ორ საპროტესტო მოძრაობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს: სერბეთში, სადაც სტუდენტებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ჯგუფები დაესხნენ თავს და სადაც საუბარია, რომ უშიშროება საპროტესტო აქციების ლიდერებს უთვალთვალებს, ხელისუფლებას პოლიცია არ გამოუყენებია დემონსტრანტთა წინააღმდეგ. შესაძლოა ამის მიზეზი არის შიში, რომ საპროტესტო მოძრაობა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ბრიუსელი პოლიციის ძალადობას უკვე აღარ დააიგნორებს. “აქამდე რა ესკალაციაც ყოფილა, ყველა მათგანმა პროტესტი კიდევ უფრო გააძლიერა. პოლიციის ძალადობა შესაძლოა ბოლო აკორდი გახდეს”, ამბობს ვუჯიცი. ფაქტი მაინც ისაა, რომ მიუხედავად ევროსკეპტიციზმისა და ლატენტური რუსოფილიისა, ოფიციალურ ბელგრადს მეტად ადარდებს რას იფიქრებენ მოქალაქეები და ევროპელი პარტნიორები მის ქმედებებზე.
რა იქნება შემდეგ?
მიმდინარე სოციალური მოძრაობების პოლიტიკური შედეგის განჭვრეტა მარტივი არაა. საქართველოში მოთხოვნები ცალსახად პოლიტიკურია – ახალი არჩევნები რეჟიმის მშვიდობიანი გზით შეცვლის მკაფიო გზას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები შესაძლოა ცუდ ფორმაში იყვნენ – დაყოფილებს კვლავ უჭირდეთ ეფექტური გზავნილების მოფიქრება ან პროტესტის სათავეში ჩადგომა – ახალი პოლიტიკური მოძრაობები მაინც ჩნდება. სერბეთში დემონსტრანტები – ძირითადად სტუდენტები – გამიზნულად ჩამოშორდნენ პოლიტიკას, ან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, პარტიულ პოლიტიკურ სცენას. მათთვის პოლიტიკა “ბინძური” საქმეა, რომლის ნაწილად ქცევა არ სურთ. მსგავსი სენტიმენტი საქართველოშიც დომინირებდა მიმდინარე კრიზისამდე. მოქალაქეების მხრიდან მიღებული საპროტესტო შეძახილების გამო, პარტიული პოლიტიკოსები აქციებზე ხალხს სცენიდან აღარ მიმართავენ.
“ეს პროტესტი პოლიტიკაზე მაღლა დგას. იგი მორალსა და ეთიკურ საკითხებს ეხება,” ამბობს მილან ვუჯიცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ წმინდად ადამიანური ტრაგედიისგან დაბადებულ საპროტესტო მოძრაობას საბოლოოდ პოლიტიკური შედეგი ექნება. მისი აზრით, რეჟიმის ცვლილება იმის “ირიბი შედეგი” იქნება, რაც ახლა სერბეთში ხდება.
“ეს მოძრაობა სიღრმეში პოლიტიკურია. იგი შეიძლება ზედაპირზე არ ჩანდეს პოლიტიკური იმის გამო, რომ მასში პოლიტიკური პარტიები არ ჩანან […] თუმცა სიღრმეში პოლიტიკურია, რადგან იგი ჩვენი საზოგადოების რე-დემოკრატიზაციასა და ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის დაბრუნებას ეხება,” ამბობს ივან ვეჯვოდა.
არცერთ მათგანს სჯერა ვუჩიჩის ცვლილების ან მისი “გამოსწორების.” საუკეთესო, თუმცა ნაკლებად რეალისტურ სცენარში, ამბობს ვეჯვოდა, ვუჩიჩმა უნდა ჩამოიშოროს კორუმპირებული პირები მმართველობიდან, დანიშნოს “სუფთა ხალხი,” აღადგინოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და გაატაროს სხვა რეფორმები. “თუმცა ეს არ მოხდება,” ამბობს ის, რადგან რეჟიმი “კლეპტოკრატიულ საწყისებზე” დგას.
სერბეთში ოპოზიციამ ტექნიკური მთავრობის იდეა წამოჭრა, თუმცა ეს არც ვუჩიჩმა მიიღო და არც დემონსტრანტებმა. ორივე ქვეყანაში ოპოზიცია დაშლილია და ერთობა აკლია, ფართო საზოგადოება მას არ ენდობა. ორივე შემთხვევაში ეს მოცემულობა ნაწილობრივ ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და მედიის მიტაცების შედეგია. როგორ უნდა გადაიქცეს ქუჩა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ხმებად და მოიპოვოს მმართველობის ლეგიტიმაცია? ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომელზე პასუხი ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა.