სასტიკად ნაცემი რეპორტიორები, მესამე დღეა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან - ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს, მაკა ჩიხლაძეს კი დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს

Primetime.ge 2 კვირის წინ 26
სასტიკად ნაცემი რეპორტიორები, მესამე დღეა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან - ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს, მაკა ჩიხლაძეს კი დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს
ცოტა ხნის წინ დატოვა ინგოროყვას კლინიკა "TV პირველის" ოპერატორმა, რომელიც 7 დეკემბრიდან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. გიორგი შეწირულს ტვინის შერყევა, მაკა ჩიხლაძეს კი თავბრუსხვევა და სისხლჩაქცევები აღენიშნება. მათ დაზიანებები, ძირითადად, თავის, სახის, თვალის, კისრისა და მუხლის არეში აქვთ მიყენებული.ექიმების რეკომენდაციით, 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ რჩება მაკა ჩიხლაძე, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.დაშავებული რეპორტიორები დღეს კლინიკაში მოინახულეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა. გიორგი შეწირულსა და მაკა ჩიხლაძეს საავადმყოფოში ესაუბრნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, გერმანიის, დანიისა და შვედეთის ელჩები. მათ ინგოროყვას კლინიკა კომენტარის გარეშე დატოვეს, თუმცა ცოტახნის წინ, განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა დაგმო. განცხადებაში ვკითხულობთ, როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე."TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ წუთებშიც სწავლობს. საგამოძიებო უწყებამ გამოითხოვა სატელეფონო ანძების ჩანაწერებიც. უკვე ჩატარდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს მობილური ტელეფონიც. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული დანაშაულის ადგილზე შესაძლო მყოფი პირიც.გამოძიების პარალელურად სოციალურ ქსელში მომხდარიდან მალევე გავრცელდა სავარაუდო მოძალადეების ფოტოები. იდენტიფიცირებულია 4 - ერთ-ერთი ლუკა თოფურიძეა. სოციალურ ქსელში თოფურიძის დედამ, ნინო ბორჩხაძემ დაადასტურა, რომ ფოტოზე ნამდვილად მისი შვილი იყო, თუმცა თქვა, რომ ლუკა თოფურიძე მსხვერპლს ეხმარებოდა."TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს ეფექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ.ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობას გმობს და გამოძიების შედეგებს ელოდება სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" იმედს გამოთქვამენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამნაშავე პირების ვინაობას უმოკლეს დროში დაადგენს."TV პირველის" გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები თავს ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ - მაშინ, როდესაც მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ფიზიკური თავდასხმის დროს ურტყამდნენ როგორც მაკა ჩიხლაძეს, ასევე - გიორგი შეწირულს. წაართვეს აპარატურა, თავდასხმის შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
სრულად წაიკითხეთ სტატია