
სარესტორნო ბიზნესს პრობლემები აქვს. ობიექტები ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილებას კერძო სექტორში მაღალი საოპერაციო ხარჯებით ხსნიან. ის რაც ბიზნესის მფლობელთა შეფასებით მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის დღგ-ს 18%-იანი გადასახადია. სექტორი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლას ვერ ახერხებს, რადგან ეს პროდუქტი სარესტორნე ბიზნესისგან განსხვავებით ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობს. სარესტორნე ბიზნესი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე არსებული საგადასახადო შეღავათების გადახედვას ითხოვს.
რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი გვისხნის, რომ პრობლემა წლებია დღის წესრიგშია და ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მისი თქმით, ნულოვანი დაბეგვრის პრინციპით მხოლოდ მცირე ფერმერები უნდა სარგებლობდნენ, ხოლო მსხვილი კომპანიები, რომლებიც ამ პროდუქტს ქმნიან უნდა იბეგრებოდნენ.
“სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი და ამთვისებელი არის სარესტორნე ბიზნესი, რომელიც სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის შესყიდვისას დღგ-ს ვერ ითვლის. როცა თქვენ მოდიხართ და ყიდულობთ ჩემთან პროდუქტს სახელმწიფოსთან დღგ-ს მიმტანი ვარ მე, იმიტომ რომ თქვენ ყიდულობთ კერძს, რაზეც გადაიხადეთ დღგ. თქვენთვის როდესაც მე კერძს ვქმნი, მნიშვნელოვანია რომ ეს საბუთით ვიყიდო, იმისთვის, რომ ჩათვლა გავაკეთო, თუმცა როცა საბუთის გარეშე ვყიდულობ ჩათვლას ვერ ვაკეთებ და ის მე უნდა გავიტანო ხარჯში, რაზეც დამატებითი დაბეგვრის პრინციპი მოქმედებს. როგორც კი მსგავსი რამე ხდება ავტომატურად ხარჯი იზრდება და მე მიწევს სხვა პროდუქტის შესყიდვა დიდ ჰიპერმარკეტში, რომლისგანაც მე შევქმნი პროდუქტს. ხშირად მომხმარებლები ამბობენ, რომ სარესტორნე ბიზნესი გაძვირებულია, გაძვირებული იქნება იმიტომ რომ ამომავალი წერტილი პროდუქტი, რასაც მე გარდავქმნი და მომხმარებელი ყიდულობს. მე თუ ძირი არ დამხვდა სტაბილური, ვერასდროს ვერ დავიჭერ ფასს”, – ამბობს რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი.