სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერად დაინიშნა

Civil Georgia 2 დღის წინ 5
სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერად დაინიშნა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20 დეკემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დანიშნა, რომელიც წინა დღეს ოფიციალურად დაასანქცირა აშშ-მა, უფრო ადრე კი დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ. გომელაურს ბრალად ედება ისეთი ბრძანებების გაცემა, რომლითაც დაირღვა დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური ანტი-სახელისუფლებო აქციების დროს. შსს პოლიციის მხრიდან დარღვევებს უარყოფს და აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრომ განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ოპოზიცია „სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით“, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე „ცრუ ბრალდებებს“ ავრცელებენ.

სამინისტროს თქმით, არაერთი შემთხვევის დროს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია „გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

შსს-მ აღნიშნა, რომ „აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა“. სამინისტროში აცხადებენ, რომ თითოეულ შემთხვევაში, როდესაც სპეციალური საშუალებები გამოიყენებოდა, აქციის მონაწილეებს წინასწარ აფრთხილებდნენ ამის თაობაზე. თუმცა, ამ განცხადების საწინააღმდეგ უამრავი კადრი არსებობს.

დაშავებულ დაკავებულ მომიტინგეებთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ „პოლიცია ახორციელებდა მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს“. სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს დაშავდა შსს-ს 171 თანამშრომელი, მათგან 10-ს ოპერაცია დასჭირდა, 40 დაშავდა მათკენ ნასროლი ქვებით, 60-მდე  პოლიციელმა კი პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები.

რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს, შსს-მ განმარტა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და „შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან“.

რაც შეეხება მედიისა და დაკავებულების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ პოლიცია დაკავებულებს პირად ნივთებს ართმევდა, შსს-მ განაცხადა, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა. შსს-ს თქმით, პირადი ნივთები დაკავებულებს გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია