სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ

News.ge 1 თვე წინ 45
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ

ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” სანდრო თოდუამ, რომელსაც 2 ნოემბერს 37 წელი შეუსრულდა, 10 ნოემბერს “ოლ ბლექს XV”-ის წინააღმდეგ 115-ე კეპი მოიხვეჭა, რითაც ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეკო კვირიკაშვილს გაუტოლდა.
“ბორჯღალოსნების” 35-წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი – 122 თამაში დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული და თოდუას მისი რეკორდის მოხსნის შესაძლებლობა გაისად ექნება, თუმცა ფრთის მოთამაშისთვის ეს თვითმიზანი არაა:
“ნაკრებში ჩატარებული თითოეული თამაში უდიდესი ბედნიერებაა და მოხარული ვარ ჩემი ქვეყნის სახელით ამდენი შეხვედრის ჩატარება რომ მომიწია. სიმართლე გითხრათ იმაზეც კი არ მიფიქრია 100 მატჩამდე თუ ავიდოდი.
ეს თავისთავად მოხდა და ახლა არც იმაზე ვფიქრობ, გაისად საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენი გავხდები თუ არა. როგორც მოხდება ისე იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში მედგა და მენდობოდა” – ამბობს სანდრო თუდუა.
“ოლ ბლექს XV”-თან თოდუამ მოედანზე 80 წუთი გაატარა, ახლა კი გუნდთან ერთად იტალიაშია და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება:
“ოლ ბლექს XV”-თან ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და მომენტებიც გვქონდა, თუმცა პირველი თამაშის სინდრომმა აქაც იჩინა თავი. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოც სურათი იცვლებოდა. ვთვლი, რომ მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და არ ვიმსახურებდით იმ შედეგს, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა (13:31). რომ არა ზემოთნახსენები შეცდომები, თანაბარი თამაში იყო და ანგარიშიც უფრო თანაბარი უნდა ყოფილიყო”.
“ახლა უკვე იტალიასთან თამაშისთვის ვემზადებით. სამშაბათი მთლიანად დაეთმო გასული შეხვედრის გარჩევას, დავაფიქსირეთ შეცდომები და გავიარეთ იტალიის ბოლო თამაში არგენტინასთან. შევეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ, უკეთ ავიღოთ მოედანი, შევუზღუდოთ სივრცეები, გვქონდეს უკეთესი კომუნიკაცია და მეტი წნეხი დავადოთ მოწინააღმდეგეს”.
იტალიას 2022 წლის ისტორიული გამარჯვების შემდეგ პირველად ვერკინებით და მეტოქე არც მალავს, რომ შარშანწინდელი წყენისთვის რევანში სწყურია. ორი წლის წინ, “აძურას” ბათუმში ერთის წილ 3 ლელო გავუტანეთ და 28:19 დავამარცხეთ. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან. იმ თამი ერთი ლელო სწორედ თოდუამ მიითვალა.
“იტალია ბოლო წლებში სულ ვითარდება, ახლაც კარგი გუნდი ჰყავთ და დაძაბული თამაშის მოლოდინი მაქვს. ისინი კონტრშეტევებზე ცდილობენ თამაშს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბრძოლო დარტყმები შევასრულოთ, მეტოქე კარგად ჩავხუროთ და არ მივცეთ კონტრშეტევების წამოღების შესაძლებლობა. კარგად მახსოვს როგორი ნაწყენები იყვნენ ბათუმში განცდილი მარცხის შემდეგ და რევანში სწყურიათ. ისინი საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩვენის მხრიდან ძალიან მაღალი დონის თამაშს წააწყდნენ. ახლაც ვეცდებით, რომ ორი წლის წინანდელი შედეგი გავიმეოროთ და ამისათვის თავს არ დავზოგავთ”.
იტალიისა და საქართველოს შეხვედრა 17 ნოემბერს გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება. სტადიონზე, რომელიც 33-ათასზე ოდნავ მეტ მაყურებელს იტევს, მრავლად იქნებიან ქართველი ქომაგებიც, რაც ჩვენი მორაგბეებისთვის დამატებითი სტიმულია:
“გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა. ასე იყო ადრე, ასე არის ახლა და ასე იქნება მომავალშიც. 2018 წელს იტალიას ფლორენციაში ვეთამაშეთ. იმ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ მახსოვს თანაგუნდელების ემოციები, როდესაც მათ ტრიბუნაზე დიდი რაოდენობით ქართველები და საქართველოს დროშები დაინახეს. ქომაგის მხარდაჭერა ძალიან დიდ ენერგიას იძლევა და მათი თანადგომა 17 ნოემბერს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება”.

სრულად წაიკითხეთ სტატია