
საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თავმჯდომარის კახი სამხარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან 700-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული იმის გამო, რომ მათი მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენ მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებით, ბუნებრივია და დღესდღეობით 700-მდე თანამშრომელი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს. 150-მდე ადამიანმა ჩვენ მოგვმართა, ჩვენს პროფესიულ კავშირს უფლებების დასაცავად და სხვაგვარი ბენეფისების მისაღებად, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ეს მონაცემი არის ზოგადი ჩარჩო კიდევ უფრო მზარდია.
მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირაში საჯაროდ გაცხადდა, რომ პარლამენტში დაიწყო რეორგანიზაცია, მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეს პროცესი რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უკავშირდება მუდმივ აპარატს, რომელშიც მოიაზრება სხვადასხვა დეპარტამენტი და მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები დღემდე ღიად არ აფიქსირებდნენ მათ პოზიციას.
თუმცა მიუხედავად ამისა, სისტემამ მათაც მიაგნო, მიაკითხა და მათ მიმართაც დაიწყო რეპრესიები, შევიწროება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის თითოეული ადამიანის განწყობა საჯარო სამსახურში და გამომდინარე აქედან, ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ ეს რეპრესიები ყველამდე მივა, ყველა საჯარო მოხელემდე მივა და შესაბამისად, სჯობს, თავის დროზე დააფიქსირონ ღიად პოზიცია, რათა შემდგომში უფრო მარტივი იყოს მათი უფლებების დაცვა”, – თქვა კახი სამხარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სარჩელი მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდა. მისივე თქმით, არ აქვთ სასამართლოსგან შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინი, თუმცა აღნიშნავს, რომ უფლებების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით გააგრძელებენ.