კომფორტული სამუშაო გარემო ნაყოფიერი და შედეგიანი მუშაობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალბათ, სწორედ ამიტომ დედაქალაქში ბოლო წელიწად-ნახევარში ბევრი ახალი სამუშაო სივრცე გაიხსნა. დღეს მათი რაოდენობა 52-ს გაუტოლდა. ბაზარზე კონკურენციამ იმატა.
Terminal -ის დირექტორი ჯინო დოლინი ,,კომერსანტთან” საუბარში კონკურენციის გაზრდის მიზეზებზე საუბრობს. აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ბევრი მიგრანტი შემოვიდა, რამაც სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა და მიმართვიანობა გაზარდა. გადატვირთულობამ კი ბევრს მოტივაცია მისცა, გაეხსნა ახალი ობიექტი.
,,რა თქმა უნდა, ბაზარზე საგრძნობლად გაზრდილია კონკურენცია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მიგრანტების შემოსვლის შემდეგ მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენ ხალხს ვერ ვიღებდით. ზოგს არც ვიღებდით. რუსეთის მოქალაქეებს დიდ ფილტრში ვატარებდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე ღირებულებების ხალხი შემოვიდეს ტერმინალში, როგორსაც ჩვენ ვატარებთ. შესაბამისად, ჩვენ ყველას არ ვიღებდით. ეს ხალხი გარეთ რჩებოდა. მომართვიანობა იყო დიდი და ბევრმა სამუშაო სივრცე ამის გამო გახსნა .”- აცხადებს ჯინო დოლინი.
კონკურენციის გაზრდის პარალელურად სამუშაო სივრცეების გადატვირთულობამ იკლო. მიმართვიანობა დღეს შედარებით ნაკლებია. მიზეზი ისევ მიგრანტები არიან. მათმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, ნაწილმა კი სამუშაო სივრცე თავად გახსნა. Terminal -ის დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მოთხოვნა უკრაინაში ომის დაწყებამდე პერიოდს, 2020 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა.
,,ახლა მოთხოვნა არის, თუმცა შემცირებულია თუ შევადარებთ 2023 წელს. მოთხოვნა არის დაახლოებით იგივე რაც იყო 2020 წლისთვის. მიგრანტები წავიდნენ, ზოგმა თავისი გახსნა და შესაბამისად მოთხოვნა დაუბრუნდა იგივე ნიშნულს რაც იყო ომამდე. ეს არის ჯანსაღი მომართვიანობა. ბაზარს ახლა უფრო ჯანსაღად აღვიქვამთ, ვიდრე იყო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როდესაც მოთხოვნა ხელოვნურად შეიქმნა.”- აცხადებს ჯინო დოლინი.
ქვეყნის მასშტაბით 7 ფილიალით Terminal-ი საქართველოში ყველაზე დიდი ბრენდია. სამუშაო სივრცეებიდან ერთი ბათუმში, 6 კი თბილისში მდებარეობს. Terminal-ი მომხმარებელს საკონფერენციო დარბაზებს, შეხვედრების ოთახებსა და სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს. ჯინო დოლინს ვკითხეთ, როგორ ახერხებენ გაზრდილი კონკურენციის პირობებში ბაზრის წილის შენარჩუნებას.
,,პირველ რიგში, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. პიონერები ვართ და შესაბამისად საერთო სამუშაო სივრცე და ტერმინალი ერთმანეთთან ასოცირდება. ეს რა თქვა უნდა გვეხმარება, რომ ვიყოთ გამორჩეულები. თუმცა ჩვენ სერვისები და მიდგომები გვაქვს განსხვავებული, რაც გამოგვარჩევს სხვა სამუშაო სივრცეებისგან. აქ არის ლოკაციები, ბრენდის რაოდენობა, აქ არის ლოიალური დამოკიდებულება წევრების მიმართ. სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები წევრებისთვის, რაც გამოარჩევს ტერმინალს სხვებისგან. საერთოდ სამუშაო სივრცე უნდა იყოს მორგებული ყველაზე. მოგეხსენებათ რიტმი როგორ არის შეცვლილი. ადამიანს უნდა შეეძლოს ძალიან ადვილად და ხელმისაწვდომად მიიღოს ესა თუ ის სერვისი, ამიტომ ლოკაციები მეტროსთან ახლოს, სხვადასხვა უბნებში ეს მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა არ დაკარგოს დრო საცობებში. ჩვენ იმიტომ გვაქვს 7 ფილიალი. თქვენ, რომელიც ჩვენი წევრი ხართ და ბათუმში წახვედით, შეძლებთ თან დაისვენოთ და თან იმუშაოთ. ვაკეში თუ გაქვთ მემბერშიფი და აღმაშენებელზე გაქვთ შეხვედრა არ დაგჭირდებათ ვაკეში წასვლა, რადგან გაქვთ საშუალება რომ სხვა ფილიალში ჩაატაროთ შეხვედრა. ‘’- აცხადებს ჯინო დოლინი.
თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი ის ქალაქი, რომელსაც საერთო სამუშაო სივრცეების განვითარების პოტენციალი აქვს. ჯინო დოლინი აცხადებს, რომ ქუთაისში ბიზნესის განსავითარებლად ხელსაყრელი გარემოა. მისივე თქმით, ბათუმის ფილიალის მიმართ მოლოდინები არ გამართლდა. ქალაქი აქტიურია, თუმცა მიუხედავად ამისა, მომართვიანობა იმაზე დაბალია, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი. Terminal-ი ქსელის გაფართოებას საქართველოში ჯერჯერობით არ აპირებს. თუმცა ბრენდს სერვისის საზღვრებს გარეთ გატანა სურს. კომპანიის დირექტორი ჯერ არ ასახელებს კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ისინი საქმიანობის დაწყებას გეგმავენ.