“სამი დღის წინ ახალი ჩამოსული გავედი აქციაზე, როგორც აღმოჩნდა მოუმზადებლად თხლად ჩაცმული – რამდენიმე საათში ფეხები გამეყინა და სიცივემ ამიტანა. ოდნავ გავიარე და მაღაზია ბრდღვიალებდა, ჩვეულებრივად ვაჭრობდნენ – თერმული წინდების შეკვრა ვიყიდე ძალიან მშვიდად, მეც გავთბი და სხვებსაც დავურიგე. მომდევნო დღეს ერთ-ერთ ფოიერვერკს ზუსტად პარლამენტის შენობის მოპირდაპირე კაფედან ვუყურებდი – ყავის რიგში მშვიდად ჩამდგარ ხალხს შორის. აქციაზე საათობით ყოფნის შემდეგ საპირფარეშოში გიწევს წასვლა, რამდენიმე კაფეში შეიძლება იქვე შესვლა, ცხადია ყველგან დიდი რიგია. ქალების და კაცების ტუალეტები ზოგან ცალ-ცალკეა, ზოგან ერთად, ერთი კაბინა. და რამდენჯერაც შევედი ყველგან გასაოცარი სისუფთავე მხვდება.
ბოდიშს კი ვიხდი ტრივიალური დეტალებისთვის, მაგრამ მე ზუსტად ამ დეტალებს მივყავარ ცრემლებამდე. არ მგონია ბევრგან იყოს შესაძლებელი დემონსტრაციის ეპიცენტრში, ღამით გახვიდე და წინდა იყიდო, ან გაპრანჭულ კაფეში დატენო ტელეფონი, ამის ნახევარი რაოდენობის ხალხშიც კი. რამე ზიანდება კიარა, იქვე მომუშავე ბიზნესი ხარობს. ეს კოლექტიური სხეული, რომელიც რუსთაველზე დგას, სამოქალაქო პროტესტის, ორგანიზების, სოლიდარობის და მშვიდობიანობის საოცარ სტანდარტს აჩვენებს. და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო ამ სხეულზე უწყვეტად და აწყვეტილად ძალადობს. წარმოუდგენელი ცინიზმია ამ აქციისთვის “რადიკალების აქციის” დარქმევა და “ორივე მხარის” ძალადობაზე ბოდვა, და მიზეზშედეგობრიობის თუ ძალის ასიმეტრიის არდანახვა – ვინ ძალადობს და ვინ ცდილობს თავი დაიცვას, როცა სხვა გზა აღარ რჩება.
ემოციურადაც უცნაური დღეებია.
უდიდესი შფოთვის პარალელურად უდიდეს, ეიფორიულ სიყვარულს და სიამაყეს ვგრძნობ. და მჯერა, რომ ეს სამოქალაქო ცნობიერება და სოლიდარობა ბოლოს აუცილებლად გადაგვარჩენს,” – წერს სალომე ასათიანი.