საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ აბორტის უფლებით სარგებლობის შეზღუდვას. სადავო კანონმდებლობა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს, რომლითაც ორსული ქალის გაუპატიურების ფაქტი დგინდება.
სახალხო დამცველის სარჩელში ნათქვამია, რომ საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ 22 კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, საგამონაკლისო წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით.
კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უკანონო აბორტების შემცირება და, შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა, მითითებული მიზანი მიღწევადია ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც.
სარჩელის თანახმად, „აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ერთადერთ ნორმას, რომელიც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაუპატიურების შედეგად ორსულობას, როგორც სოციალურ ჩვენებას და აბორტის საფუძველს განსაზღვრავს“. „ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. ამ ვითარებაში მყოფი ქალისთვის ორსულობის შეწყვეტაზე უარი, შესაძლოა, დამატებით ფსიქოემოციური სტრესის და სოციალური სტიგმის წყარო გახდეს“, – ნათქვამია სარჩელში.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ „გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 4 თვეა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის N1/136-18 განაჩენი), ხოლო ყველაზე დიდი დრო – 1 წელი და 7 თვე (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის N1/658-17 განაჩენი)“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, „პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას“, ხოლო „ადამიანის ავტონომიურობაში ჩარევის ფარგლები კიდევ უფრო იზღუდება, როდესაც საქმე შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხს და აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას“.
ასევე წაიკითხეთ: