საკანონმდებლო წინადადება სასამართლო სხდომებზე მედიის წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს

Civil Georgia 1 თვე წინ 23
საკანონმდებლო წინადადება სასამართლო სხდომებზე მედიის წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს

საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას ფოტო და ვიდეო გადაღებას კრძალავს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა.

საკანონმდებლო ინიციატივაში, რომლის ავტორიც იურისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილია, ნათქვამია, რომ მედიის მიერ სასამართლო პროცესის გაშუქება სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ახდენს. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ წერილში კახნიაშვილი აცხადებს., რომ სისხლის სამართლის საქმეების შეუზღუდავი გამჭვირვალობა ბრალდებულებს სასამართლო დარბაზების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევს.

ვინაიდან დაკავებული მომიტინგეების ხშირი სასამართლო სხდომები საქართველოში პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, სასამართლო დარბაზებში მედიის ყოფნა დაკავებულებისთვის წარმოადგენს საშუალებას, რომ საზოგადოებას მიმართონ. ამ შესაძლებლობის გამოყენებით, დაკავებულმა მომიტინგეებმა არაერთხელ გააპროტესტეს პროკურატურის ბრალდებები, გამოხატეს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, ამხილეს პოლიციის რეპრესიები და მოსამართლეთა პროფესიული კეთილსინდისიერების ნაკლებობა.

კახნიაშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი, რომელთა შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეცაა. ყველა მათგანი დეკემბერში პროევროპული აქციების დროს დააკავეს და მათ ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად. კახნიაშვილის თქმით, ბრალდებულებმა „ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც“.

„თავი ვალდებულად ჩავთვალე, პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი“, – წერს კახნიაშვილი პაპუაშვილისთვის გაგზავნილ საკანონმდებლო წინადადებაში.

მან გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2013 წლის გადაწყვეტილება სასამართლო დარბაზებში მედიის მიერ გადაღების დაშვების შესახებ და მას გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდა. მან მაგალითად მოიყვანა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეები, რომელთა ტელევიზიით გადაცემული სასამართლო პროცესები ბრალდებულებმა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენეს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნათია მეზვრიშვილმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ გააკრიტიკა საკანონმდებლო წინადადება და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, სასამართლო სხდომების დახურვა გადაწყვიტა.

„საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად „ოცნების“ ოფისშია დაწერილია“, – წერს იგი სოციალურ ქსელში.

2007 წლიდან 2013 წლამდე მედია საშუალებებს სასამართლო პროცესის გადაღება ან გაშუქება სასამართლო ნებართვის გარეშე ეკრძალებოდათ. ეს შეზღუდვა 2013 წლის 6 მარტს მოიხსნა, როდესაც პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც ყველა დამსწრეს სხდომის აუდიო ჩანაწერების გაკეთების, ხოლო ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება მიეცათ, მათ შორის სსასამართლო დარბაზებში, სასამართლო შენობების დერეფნებსა და ეზოებში.

სრულად წაიკითხეთ სტატია