საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება

Primetime.ge 3 საათი წინ 5
საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი ფუნდამენტურად იცვლება. შესაბამისი ცვლილებები – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭოს 15-წევრიან შემადგენლობაში მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება. კანონპროექტში ნათქვამია, რომ შემოთავაზებულია 11 მოსამართლის არჩევა მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ, რომლებსაც ისევ დაემატება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც Ex Officio წევრი მისი უფლებამოსილების ვადით.პროექტის მიხედვით, საბჭოში იქნება 12 მოსამართლე წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ორი წევრი (დღეს არსებული ხუთი წევრის ნაცვლად) და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი.„მოსამართლეთა ამგვარი, ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის არსებობა მართლმსაჯულების საბჭოში თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნული მოდელი ხელს შეუწყობს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას და სისტემისათვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად მიღებას მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერითაც კი“, – ნათქვამია პროექტში.ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით უქმდება მოქმედი რედაქციით საბჭოს დაკომპლექტებისას დაწესებული ორი შეზღუდვა: 1) საბჭოს მოსამართლე წევრთაგან თითო წევრი მაინც წარმოადგენდეს თითოეული ინსტანციის სასამართლოს. პროექტში ნათქვამია, რომ ზუსტდება, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან ექვსზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.„ამჟამად მოქმედი შეზღუდვის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა წევრის პირობებში, ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. ვინაიდან ამგვარი წესით არჩეულ მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება რვიდან 11-მდე, ლოგიკურია, რომ გაიზარდოს საბჭოში ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობაც. მოსამართლეთა თვითმმართველ ორგანოს უნდა შეეძლოს – შეუზღუდავად აირჩიოს მისთვის სასურველი მოსამართლე საბჭოში, მიუხედავად იმისა, ეს მოსამართლე იკავებს თუ არა ადმინისტრაციულ თანამდებობას სასამართლოში, ან თუ რომელი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის დროზე, ნამსჯელი აქვს ვენეციის კომისიასაც, სადაც მითითებულია, რომ ადვილად გასაგებია იმის უზრუნველყოფის სურვილი, რომ უმაღლესი საბჭო არ წარმოადგენდეს მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობას. თუმცა თუ საბჭო წარმოადგენს მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას, მაშინ პრინციპში არასწორი იქნება ჩამოერთვას სასამართლო სისტემის რომელიმე წევრს შესაძლებლობა, იყოს არჩეული. ვენეციის კომისია თვლის, რომ ამ არგუმენტების გათვალისწინება უნდა მოხდეს თავად ამრჩევ პირთა მიერ, როდესაც ისინი წყვეტენ, უნდა იქნეს თუ არა მათი კოლეგა აღჭურვილი იმ უფლებამოსილებით, რომელსაც საბჭოს წევრობის მანდატი ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ზემოხსენებულმა არგუმენტებმა გარკვეულწილად დაკარგა მნიშვნელოვანი წონა ახლა, როდესაც საბჭოს წევრთა არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება. იუსტიციის საბჭოების შექმნის ლოგიკა გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეზღუდვები დაწესდეს მოსამართლეთა უფლებაზე, აირჩიონ თავიანთ კოლეგებს შორის მათთვის სასურველი პირები, რომლებიც მათ წარმოადგენენ საბჭოში“, – ნათქვამია პროექტში.ზემოთ აღნიშნულის გარდა, ასევე უქმდება საბჭოს წევრთა განახლებასთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვა, რომელიმე 6-თვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტ წევრთა არჩევის დაუშვებლობის შესახებ.„სრულიად გაუგებარია ეს შეზღუდვა იმ ვითარებაში, როდესაც, რაღაც ობიექტური ვითარების გამო, საბჭოს ოთხზე მეტ წევრს ერთდროულად უწყდება უფლებამოსილება, რატომ უნდა ელოდოს სასამართლო სისტემა ახალი ექვსთვიანი ვადის დაწყებას იმისათვის, რათა კონსტიტუციური ორგანო სრულად დაკომპლექტდეს და სრულად იყოს ქმედითი სასამართლო სისტემისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია პროექტში.
სრულად წაიკითხეთ სტატია