საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) შინაგან საქმეთა სამინისტრო იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან უარი თქვა გაემჟღავნებინა, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დარბევის დროს.
საიას თქმით, აქციის მონაწილეები, რომლებსაც წარსულშიც გამოუცდიათ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედება აქციების დაშლის პერიოდში, აღნიშნავენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ცრემლსადენი გაზი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ინტენსივობის ტკივილსა და სიმპტომებს იწვევდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების პერიოდში. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი დემონტრაციების დასარბევად „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებდა ქიმიურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. საია-მ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა. საია ასევე ციტირებს ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარს, რომ მან არ გამოითხოვა ინფორმაცია შსს-სგან, რადგან ის არასაჭიროდ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები აცხადებენ, რომ ასეთი დეტალები აუცილებელი იყო სათანადო მკურნალობისთვის.
დღევანდელ ბრიფინგზე საუბრისას, ორგანიზაციის დირექტორმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დარბევით დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები და რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა. მან ხელისუფლება საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამალვის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს აჩვენებს, რომ ისინი ღირსადაც არ თვლიან საზოგადოებას, რომ იცოდეს, თუ რა ნივთიერებამ დააზარალა აქციის მონაწილეები.
საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ აქციები, რომლებიც უკვე მეექვსე თვეა გრძელდება, მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 28 ნოემბერს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. ამ ნაბიჯს მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, რომლებიც განსაკუთრებით დაძაბული პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, როდესაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და, ზოგიერთ შემთხვევაში, რეზინის ტყვიები გამოიყენა, ბევრ შემთხვევაში არასათანადოდ და მათი გამოყენების წესების დარღვევით.
ასევე წაიკითხეთ: