საია: „ქართული ოცნების“ კომისიაზე გამოუცხადებლობა არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად

Civil Georgia 2 კვირის წინ 10
საია: „ქართული ოცნების“ კომისიაზე გამოუცხადებლობა არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) „ქართული ოცნების“ პარლამენტის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებები გააკრიტიკა და კომისიის ლეგიტიმურობა და საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა. საუბარია ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებულ სისხლისსამართლებრივ დევნას და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობას. საია მიიჩნევს, რომ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი.

საია კომისიის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „კომისიის საქმიანობა პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით, რაც, ფაქტობრივად, მის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მით უფრო მაშინ, როდესაც მთლიანად საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციაც საეჭვოა“. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ კომისიის საქმიანობის მიზანი სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალური გამოძიება კი არა, „კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მარგინალიზაცია და მათი აკრძალვისთვის შესაბამისი სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძვლის მომზადებაა, რაზეც „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად საუბრობდნენ“.

საია-მ აღნიშნა, რომ კომისიის შესახებ განმარტებით ბარათს არ გააჩნია პარლამენტის რეგლამენტით რეგულირებული მოთხოვნები. განმარტებითი ბარათი არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას იმაზე, კონკრეტულად რა საკითხები რატომ უნდა გამოძიებულიყო, ასევე, ვინ იქნებოდნენ გამოკითხულნი და რა დოკუმენტაცია იქნებოდა გამოძიებული სხდომებზე.

საია ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა და მას გამოყოფილი ე.წ. „ოპოზიციური“ ჯგუფები, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით მოხვდნენ პარლამენტში. „შესაბამისად, კომისიაში მათი არსებობა ვერ იქნება ოპოზიციის რეალურ ჩართვად აღქმული და უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებს“, – აცხადებს საია.

კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა და სამართლებრივი შედეგები

საია-მ ასევე გააკრიტიკა კომისიის გადაწყვეტილება გამოუცხადებლობის გამო საქმეების პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა უარი თქვა დასწრებაზე. საია მიიჩნევს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

მართალია საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ (1773-ე მუხლი), ასევე სისხლის სამართლის (349-ე მუხლი) ბრალდებებს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, საია აცხადებს, რომ სამართლებრივი ბუნდოვანების შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას (In dubio pro libertate).

საია-ს თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. „ქმედების შემადგენლობა და მისი ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებას, რაც პრიორიტეტულს გახდიდა მისი ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კანონდებლობის მომეტებული გავრცელების საჭიროებას“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის თქმით, ეს ბრალდებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კომისიის ლეგიტიმურობას, „მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა თვეებია უგულებელყოფს რეალურ საჯარო ინტერესს და არ არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ პირთა მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ წამების ორგანიზებულ დანაშაულებში“.

გირაოს პატიმრობით შეცვლა: პოლიტიკური მოტივები

საიამ გააკრიტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოს 14 მაისის გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ. ოქრუაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად ოპოზიციის წარმომადგენელი, იმ პირთა შორისაა, რომლებსაც კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 349-ე მუხლით წაუყენეს ბრალი.

საიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი როგორც პირველი წარდგენის სხდომაზე, ისე წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადდა სასამართლოში, სადაც დააფიქსირა მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობას. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარემ მოითხოვა არსებული 20 000 ლარის გირაოს პატიმრობით შეცვლა. მართალია პროკურორებს ოფიციალურად უფლება აქვთ უფრო მკაცრი ზომები მოითხოვონ, საიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს პროპორციულობისა და სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპებს.

„ხსენებულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან შინაარსობრივი გააზრებისგან დაცლილი, ტექნიკურად მკაცრი მიდგომა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა მოქმედებს პოლიტიკური მოტივით განპირობებული პირის დასჯის ინტერესით“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებმა ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ; მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კოალიციიდან „ძლიერი საქართველო“; და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გივი თარგამაძემ და გიორგი ვაშაძემ უარი თქვეს კომისიის წინაშე გამოცხადებაზე, ზოგიერთმა კი გირაოს გადახდაზეც, და ამის მოტივად „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და მისი საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობა დაასახელეს.

კომისიის წინაშე ჩვენება მხოლოდ ოპოზიციური პარტიის „საქართველოს“ ლიდერმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა (2019-2021) გიორგი გახარიამ მისცა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია