საია: დარბევა უკანონო, არაადამიანური და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა

Civil Georgia 1 თვე წინ 34
საია: დარბევა უკანონო, არაადამიანური და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. ორგანიზაციის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.  

აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო, აღნიშნავს ორგანიზაცია.

კერძოდ, უცნობია თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს; როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისაგან გაქცევა; ამასთან, როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდირებული პრაქტიკაა, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.

„კვლავ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და შეწყვიტონ მშვიდონიანი დემონსტრანტების დანაშაულის ტოლფასი გზით დაშლა“, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში. „მოვუწოდებთ, შსს-ს ასევე, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა“.

სრულად წაიკითხეთ სტატია