
ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მზარდი მაჩვენებლები საყოველთაო კრიზისადაა მიჩნეული. მშობლები სოციალური მედიის მფლობელი კომპანიებისგან ითხოვენ, მეტი გააკეთონ ახალგაზრდების ონლაინ უსაფრთხოებისთვის. ამ დროს, Pew Research Center-ის უახლესმა კვლევამ საინტერესო შედეგები აჩვენა – სოციალურ მედიას, მიუხედავად პრობლემებისა, ზოგჯერ დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მოზარდებზე.
აშშ-ში 13-17 წლის მოზარდების გამოკითხვით დადგინდა, რომ რესპონდენტების 74% სოციალური მედიის წყალობით მეგობრებთან უფრო დაკავშირებულად გრძნობს თავს. 63%-სთვის ონლაინ პლატფორმები საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალებაა.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 52% სოციალურ მედიას რთულ პერიოდებში მხარდაჭერისა და თანადგომის წყაროდ აღიქვამს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2022 წლის 67%-დან მნიშვნელოვნად შემცირდა.
მშობლები გაცილებით კრიტიკულები არიან სოციალური მედიის მიმართ, ვიდრე თავად მოზარდები. მშობლების 44% მიიჩნევს, რომ სოციალური მედია მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უდიდესი უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორია. ამას მოსდევს ტექნოლოგია და ბულინგი.
მოზარდების მხოლოდ 22% იზიარებს ამ მოსაზრებას. ისინი უარყოფითი გავლენის უფრო ფართო სპექტრზე საუბრობენ, რომელშიც ბულინგი და მაღალი მოლოდინების დაკმაყოფილების წნეხიც შედის. ერთ-ერთი მოზარდი გოგონას თქმით, საზოგადოება მოზარდებს მოუმწიფებელი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს, როცა ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რისი კეთება სურს მომავალში.
მიუხედავად ამისა, როგორც მშობლები, ისე თავად მოზარდები სოციალურ მედიას ყველაზე უარყოფით გავლენად ასახელებენ. გამოკითხული მოზარდი ბიჭის აზრით, სოციალური მედიის გადაჭარბებული გამოყენება მისი თაობის დეპრესიის მთავარი მიზეზია, რადგან ადამიანები მგრძნობიარენი ხდებიან უცხო ადამიანების მოსაზრებების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას.
საინტერესოა, რომ მოზარდები უფრო მეტად არიან შეშფოთებული სოციალური მედიის გავლენით თანატოლებზე, ვიდრე საკუთარ თავზე. 48% ფიქრობს, რომ სოციალურ პლატფორმებს ძირითადად უარყოფითი ეფექტი აქვთ მათი ასაკის ახალგაზრდებზე, რაც 2022 წლის 32%-იან მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. ამავე დროს, მხოლოდ 14% აღნიშნავს, რომ სოციალური მედია უარყოფითად მოქმედებს მათზე პირადად.
იმ მოზარდების რაოდენობა, ვინც სოციალურ მედიას თანატოლებზე დადებით გავლენას მიაწერს, 2022 წლის 24%-დან მიმდინარე გამოკითხვაში მხოლოდ 11%-მდე შემცირდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ მოზარდების 44% ცდილობს სოციალურ მედიასა და სმარტფონებზე დახარჯული დროის შემცირებას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ნახევარზე მეტი აქტიურად იყენებს სოციალურ პლატფორმებს.
წყარო: Fastcompany marketer.ge