
„საერთაშორისო ფონდებმა, დონორებმა როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან, ვისთანაც ასოციაცია თანამშრომლობდა, მუშაობა შეანელეს“- „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ მმართველი დირექტორი
,,ევროპული ბიზნეს ასოციაციის” (EBA Georgia) ახლად დანიშნული მმართველი დირექტორი მარიამ ქუჩულორია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე აშშ-დან და ევროპიდან დონორებისა ფონდების აქტიურობა შემცირებულია. მარიამ ქუჩულორია განმარტავს, რომ ასოციაცია წევრების წინაშე შექმნილი საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად იმოქმედებს. ახალი მმართველი დირექტორისთვის ჯერ უცნობია, თუ რა პრობლემების წინაშე არიან ორგანიზაციის წევრები, რადგან ასოციაციაში ახლა განახლების პროცესი მიმდინარეობს. უნდა დადგინდეს წევრებიდან ვინ გააგრძელებს და ვინ შეწყვეტს ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. პროცესის დასრულების შემდეგ კი ასოციაციისთვის ცნობილი გახდება წევრების გამოწვევების შესახებ. გაიმართება შეხვედრები და კონსულტაციები.
,,ასოციაცია აერთიანებს 100-ზე მეტ წევრს სხვადასხვა სექტორიდან. ძირითადად არიან ევროპული კომპანიები. ამაში შედიან როგორც ევროპული ინვესტიციით და მენეჯმენტით შექმნილი კომპანიები, ასევე ევროპულ ღირებულებებზე შექმნილი კომპანიები. მოხდება მათი საჭიროებების კვლევა. წევრებს რაზეც ექნებათ მთავარი მოთხოვნა იმ მიმართულებით იმუშავებს ასოციაცია. გამოვკითხავთ თითოეულ წევრს და გავიგებთ ვისზე როგორ აისახა ეს ვითარება. მათ სადაც და რა ნაწილშიც აქვთ გამოწვევები ამის შესაბამისად დაიგეგმება აქტივობები. საერთაშორისო ფონდებმა, დონორებმა როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან, ვისთანაც ასოციაცია თანამშრომლობდა, მუშაობა შეანელეს. ძალიან ბევრია ბიზნესზე დამოკიდებული. წევრებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ყველაზე კარგად იციან სად და როგორ შეიძლება ინვესტირების განხორციელება. რა თქმა უნდა მათ ხელს შევუწყობთ და შევუქმნით შესაბამის გარემოს საჭიროების შემთხვევაში. ჯერ არ ყოფილა კომუნიკაცია ასოციაციის წევრებთან. იყო წლის ბოლოს, მაგრამ რადიკალურად შეიცვალა პოლიტიკური და სხვა მიმართულებით გარემოებები. ჯერ არ გვქონია ამაზე წევრებთან დისკუსია და ამას მალე დავგეგმავთ. ცოტა დრო დაგვჭირდება. ახლა ასოციაციაში მიდის წევრების განახლების პროცესი. ახალი დაწყებულია წელი და გასაგებია ვინ დარჩება და რა მიმართულებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ერთი-ორი თვე დაგვჭირდება, რომ გავიგოთ წევრების საჭიროებები.”- აცხადებს მარიამ ქუჩულორია.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA Georgia) ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც საქართველოში კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს ხელშეწყობაა. ასოციაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო ევროპული კომპანიებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის. EBA საკუთარი ინიციატივებით და აქტივობებით ხელს უწყობს ევროკავშირი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას, უზრუნველყოფს წევრ ორგანიზაციებს კვალიფიციური სერვისით, თანამშრომლობის შესაძლებლობებით და აქტივობებით, რომლებიც ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება. EBA მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნეს საზოგადოებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაში.