საერთაშორისო უფლებადამცველები ევროკავშირს საქართველოში პრესის თავისუფლების კრიტიკულ მდგომარეობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

Civil Georgia 1 კვირა წინ 10
საერთაშორისო უფლებადამცველები ევროკავშირს საქართველოში პრესის თავისუფლების კრიტიკულ მდგომარეობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა 12 დეკემბერს წერილი გაავრცელეს ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერების სახელზე, სადაც მათ სთხოვენ რეაგირება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებულ ძალადობაზე.

წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა; ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა; საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი.

ორგანიზაციები „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ თბილისის ქუჩებში ძალადობის გამო, რომლის „უშუალო სამიზნეებიც ჟურნალისტები არიან“, და აღნიშნავენ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ დარბევის მასშტაბები „უპრეცედენტოა“. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს „გამოიყენონ მთელი თავისი გავლენა საქართველოში ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების სწრაფად დასასრულებლად“.  

ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული „სასტიკი დარბევა“, რომლის შედეგადაც 90-ზე მეტი მედიის მუშაკი დაზარალდა, რომელთა დიდი უმრავლესობაც კრიტიკულ მედიას წარმოადგენს, „არ არის იზოლირებული ინციდენტი, არამედ პრესის თავისუფლების სწრაფი გაუარესების, ასევე ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული ძალადობისა და ჩადენილ დანაშაულებზე დაუსჯელობის ნაწილია“.  

„საქართველოში, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, დემოკრატიული თავისუფლების შემცირება და ავტორიტარიზმის ზრდა არ შეიძლება იგნორირებული იყოს. ევროკავშირი მტკიცედ უნდა დადგეს, რათა დაიცვას პრესის თავისუფლება და სამოქალაქო თავისუფლებები საქართველოში“, – ნათქვამია წერილში. ორგანიზაციები სთხოვენ ევროკავშირის ლიდერებს „ცალსახად და საჯაროდ მოითხოვონ“, რომ  საქართველომ დააკმაყოფილოს პრესის თავისუფლების შემდეგი მოთხოვნები:

  • უზრუნველყოს უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო ყველა ჟურნალისტისთვის და უზრუნველყოს, რომ მათ შეძლონ საპროტესტო აქციების გაშუქება დაბრკოლების გარეშე;
  • უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება, მათ შორის ხელი შეუწყოს სიახლეების შესაგროვებლად საჭირო აღჭურვილობის, უსაფრთხოების აღჭურვილობისა და უსაფრთხოების ტრენინგის მიწოდებას;
  • უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე არიან პასუხისმგებელნი. ეს უნდა მოიცავდეს სრულად გამჭვირვალე გამოძიებას და შესაბამის სანქციებს ყველა ჩართული პირის მიმართ.

„მოგიწოდებთ, ეფექტური ზეწოლა მოახდინოთ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყვიტოს დარბევა და უზრუნველყოს პასუხისგებაში მიცემა, რაც შეიძლება მოიცავდეს მიზანმიმართულ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებზე თავდასხმაზე. გარდა ამისა, მოგიწოდებთ, საჯაროდ მოსთხოვოთ  „ქართულ ოცნებას“ პატივი სცეს ჟურნალისტების უფლებას გააშუქონ მიმდინარე აქციები მათი უსაფრთხოებისადმი შიშის გარეშე“, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI); პრესისა და მედიის თავისუფლებების ევროპული ცენტრი (ECPMF); ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ); Free Press Unlimited (FPU); OBC Transeuropa (OBCT); მუხლი 19 ევროპა; იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ); რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF); ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU); ცენზურის ინდექსი; PEN International.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია