საქართველო დღეს 36 წლის წინ, საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ 21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ მომიტინგეს იხსენებს. 1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს ანტისაბჭოთა მიტინგი, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა.
1991 წელს, იმავე დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რეფერენდუმზე მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.
„სამოქალაქო საქართველო“ 9 აპრილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გთავაზობთ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: „ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის – საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს“.
პოლონეთის საელჩო თბილისში: „1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები . ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში: „ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა. საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში“.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად, ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილის საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებს და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას. ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, როცა ისინი აგრძელებენ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის!”
შვედეთის საელჩო საქართველოში: „36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა დახოცეს მშვიდობიანი ქართველი დემონსტრანტები თავისუფლებისთვის. ეროვნული ერთიანობის დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს მხარდაჭერას!”
აშშ-ის საელჩო თბილისში: „დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“.
გერმანიის საელჩო თბილისში: „1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა. მაშინ ქართველები საბჭოთა კავშირისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რასაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს. დღეს მოვიგონებთ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს. მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა დროსაც მრავალი ადამიანი მოკლეს, მათ შორის უმეტესი ქალი. ყველაზე ახალგაზრდები 16 წლისანი იყვნენ“.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 09/04/2025 – ქართველები 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებენ