„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის

Civil Georgia 2 თვის წინ 18
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 15 აპრილს მკაცრად დაგმო ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში და განაცხადა, რომ ასეთი ცვლილებები „პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობას, იმოქმედოს დამოუკიდებლად და შეასრულოს თავისი სასიცოცხლო როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში“. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სოლიდარობა გამოუცხადა ადგილობრივ ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებს და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ უკან გაიწვიოს შემოთავაზებული ცვლილებები და გააუქმოს ყველა მანამდე მიღებული შემზღუდველი კანონი.

„შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები შეუთავსებელია საქართველოს მიერ დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის კუთხით აღებულ ვალდებულებებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. „მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები წარდგენილია როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ზომები, ისინი ქმნიან საფრთხეს, რომ შეიზღუდება საზოგადოებრივი ზედამხედველობა და სამოქალაქო მონაწილეობა, რაც ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მთავრობის მთავარი საყრდენებია“. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების შეზღუდვა ძირს უთხრის ანტიკორუფციულ ძალისხმევას და ქმნის პირობებს, სადაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება კონტროლს აღარ დაექვემდებარება.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ  უცხოური დონორებისგან გრანტების მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობით იქნება შესაძლებელი. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ცვლილებები დემოკრატიული უკუსვლის ნაწილად შეაფასა და ამის მიზეზად „ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია“ და კორუფციის ინსტიტუციონალიზაცია დაასახელა, ვინაიდან სახელმწიფო ინსტიტუტები ერთპარტიულ კონტროლს ექვემდებარებიან. „მმართველმა პარტიამ ახლა მიზანში ამოიღო დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამჭვირვალობას იცავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დიდი ხანია წამყვანი ხმაა, რომელიც ამხელს სახელმწიფოს მიტაცებას, სისტემურ კორუფციას და საარჩევნო მანიპულაციებს – და შედეგად, მუდმივი სამიზნე გახდა. „დღეს, ცხადია, რომ ეს რეპრესიული კანონები შექმნილია ისეთი ორგანიზაციების გასაჩუმებლად, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია