საახალწლო მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

Civil Georgia 2 დღის წინ 14
საახალწლო მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი ყოფილ, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად მიულოცა. მისი მიმართვის მთავარი თემა ერთიანობა იყო. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა როგორც ერთიანობაზე, ისე იმ სიკეთეებზე, რაც 2024 წელმა მოიტანა, ასევე იმ გამოწვევებსა და ბრძოლაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დადგა.

2024 წელი იყო დიდი ერთიანობის წელი, განაცხადა მან და გაიხსენა 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ასევე მღელვარება, რომელიც 2024 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. მან ასევე გაიხსენა EURO 2024-ზე მიღწეული  წარმატება, ასევე საქართველოს მონაწილეობა და გამარჯვებები ოლიმპიურ თამაშებზე 2024 წლის ზაფხულში. „ჩვენ ვიყავით ერთად და ვიქნებით ყოველთვის ერთად“, აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა 2024 წლის მეორე მხარეზე და აღნიშნა, რომ ეს იყო „რუსული კანონის [უცხოელი აგენტების შესახებ] და [სხვა]  რუსული კანონების წელი. ეს წელი იყო რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სულის, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ, ამდენად, არ ვიცი, როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ გავიარეთ ეს წელი, მოვედით ბოლომდე“.

„დღეს მე გილოცავთ ახალ წელს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული ყველაფერზე მაღლა დააყენეს.

შემდეგ მან ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე, ეს ის ხალხია, ვინც თავისუფლებას და ღირსებას ყველაფერზე მაღლა აყენებს, რომელმაც იცის, რომ ქვეყანაზე მაღლა არაფერია და მისი სიყვარული“.

მან აღნიშნა, რომ საქართველო არ არის მხოლოდ მისი ბუნება და ხალხი, არამედ ის, რაც მიღწეულია რთული ბრძოლით და რაც ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო. „ამას ვიცავთ დღეს, ვიცავთ რუსებისგან, შიდა რუსებისგან”.

დასასრულს, ზურაბიშვილმა მოსახლეობას 2025 წელი მიულოცა და რწმენა გამოთქვა, რომ 2025 წელი ნამდვილად გამარჯვების წელი იქნება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია