რუსულმა სასამართლომ ქართველ მებრძოლს უკრაინაში ბრძოლისთვის 9 წელი მიუსაჯა

Civil Georgia 1 კვირა წინ 12
რუსულმა სასამართლომ ქართველ მებრძოლს უკრაინაში ბრძოლისთვის 9 წელი მიუსაჯა

რუსულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძეს უკრაინის მხარეს სავარაუდო ბრძოლისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ TASS  9 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, გოგლიძე რუსულმა ძალებმა 2023 წელს დაატყვევეს.

კომიტეტის განცხადების თანახმად, სასამართლომ გოგლიძე დამნაშავედ ცნო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც „დაქირავებულ მებრძოლობას“ გულისხმობს.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გოგლიძე უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2023 წლის აპრილში კონტრაქტის საფუძველზე შეუერთდა და წვრთნის შემდეგ „მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციებში რუსული ძალების წინააღმდეგ“ ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საგამოძიებო კომიტეტმა გოგლიძე უკრაინაში საბრძოლველად „ფინანსური ანაზღაურების“ აღებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის მონაწილეობდა „ისეთ ქმედებებში, რასაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა მოყვა“.

გოგლიძე პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 14 ნოემბერს ტელეგრამის არხზე გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა. ვიდეოში ჩანს, რომ გოგლიძე გატეხილი რუსულით წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და ამბობს, რომ „თითო მოკლულ რუს სამხედროზე 300 აშშ დოლარს დაპირდნენ“. გოგლიძეს სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება. იგი ასევე ამბობს, რომ ის გერმანიაში კიევის რეჟიმმა გადაიბირა, ხოლო წვრთნის დროს მასთან მუშაობდნენ ინსტრუქტორები აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დააკავეს, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც გიორგი ჩუბითიძე.

რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში, ჩუბითიძე ამბობს, რომ 2014 წლის მაიდანის მოვლენების დროს „სნაიპერი“ იყო. მისი თქმით, იგი დაიქირავეს „საქართველოს დაზვერვის ყოფილმა თანამშრომლებმა სააკაშვილის სახელით“. ორივე ქართველს დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ (მათ შორის სახეში). ამასთან, ისინი ნელა და გაურკვევლად საუბრობდნენ, რამაც არასათანადო მოპყრობის თაობაზე შეშფოთება გამოიწვია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გოგლიძის განაჩენის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია