რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედია საშუალებამ TASS-მა 17 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს სავარაუდო მასშტაბური თაღლითობისთვის, საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება TASS-ს სამართალდამცავ უწყებაში აცნობეს.
კეზერაშვილი ორ საქმეში მონაწილეობისთვის იძებნება, რომელთაგან მეორე რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო „ომის დანაშაულების“ გამოძიებას უკავშირდება.
„დავით შოთას ძე კეზერაშვილი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა მონაცემთა ბაზაში, ის ასევე იმყოფება საერთაშორისო ძებნაში რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობა). გარდა ამისა, მოსკოვის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა განსაზღვრა“, – უთხრეს TASS-ს უწყებაში.
TASS ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროინდელი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსეთში გამოძიებულ საქმეზე ბრალდებულად რჩება. გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რუსეთმა ასევე გამოსცა გადაწყვეტილებები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის გიორგი კალანდაძის, საჰაერო ძალების მეთაურის ნაირაშვილისა და სამშვიდობო ოპერაციების მეთაურის ყურაშვილის დამნაშავეებად ცნობის შესახებ, განაცხადა ბასტრიკინმა.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას კეზერაშვილი გამოეხმაურა: „საქართველოს რუსული მთავრობა 12 წელია ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და განეიტრალებას. აღძრეს არაერთი საქმე საქართველოში. აწარმოეს გაშავების კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა, როგორც ჩანს ,,უფროსი ძმაც” მოიხმეს დასახმარებლად. საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ცნობილ დაანონსებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/04/2023 – კეზერაშვილი BBC-ის გამოძიების ბრალდებებს უარყოფს და „ფორმულაში“ საკუთარი წილის დათმობაზე საუბრობს
- 12/04/2023 – BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება კეზერაშვილს თაღლითობის გლობალურ ქსელთან აკავშირებს
- 03/04/2023 – დავით კეზერაშვილი მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს
- 30/09/2021 – თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
- 27/05/2014 – თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გაამართლეს