რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს

Civil Georgia 2 თვის წინ 66
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 ოქტომბერს განკარგულება გამოსცა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ. საქართველოდან შრომით მიგრანტებს უკვე შეუძლიათ რუსეთში სამ თვეზე მეტი ხნით დარჩენა, მაშინ როცა ეს უფლება მანამდე ქვეყანაში შესულ ყველა სხვა კატეგორიის ქართველს ჰქონდა. თავად რუსებს კი საქართველოში მიყოლებით 365 დღე შეუძლიათ დარჩენა.

ცვლილებები შევიდა 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა. მანამდე 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთში შესვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთში სამუშაოდ ან სწავლისთვის ჩადიოდა. ეს შეზღუდვები ახლა მოხსნილია.

განკარგულება გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა. ქართული ოპოზიცია ამ არჩევნებს ევროპასა და რუსეთს შორის რეფერენდუმად მიიჩნევს. განკარგულება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის და ამ კატეგორიის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა „მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით (საქართველოს პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, საქართველოში დაბრუნების სამგზავრო დოკუმენტი) შეეძლებათ“.

რუსეთის ხელისუფლების შარშანდელ გადაწყვეტილებას ურთიერთგამომრიცხავი რეაქციები მოყვა: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა რუსეთის შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო შეზღუდვების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ და მას „მორიგი რუსული პროვოკაცია“ უწოდა. მან ასევე განაცხადა: „ ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთისგან, ვითომ რაღაც დათმობა“. გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა ოპოზიციის დიდი ნაწილიც. თუმცა, მმართველი გუნდი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. მოსკოვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ „თუკი ჰუმანიტარული პრიზმიდან ვიმსჯელებთ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია