როსტომ ჩხეიძე: სიმღერა ოპერის წინ ან როგორ გავარჩიოთ ხელოვანი და ხულიგანი

News.ge 1 კვირა წინ 26
როსტომ ჩხეიძე: სიმღერა ოპერის წინ ან როგორ გავარჩიოთ ხელოვანი და ხულიგანი
“სიმღერა ოპერის წინ ან როგორ გავარჩიოთ ხელოვანი და ხულიგანი
(10 თებერვლის ქრონიკა)
გახსოვთ თენგიზ ჩანტლაძის ის სკეტჩი: „მილიციაში“ – ახალგაზრდებს რომ მიუყვანენ:
ოპერის წინ მღეროდნენ ღამით, როცა მშვიდობიან მოსახლეობას მშვიდად ეძინაო!..
და მილიციის განყოფილების უფროსიც შავ დღეს აყრით:
რატომ ხულიგნობთ, რატომ მღეროდით ოპერის წინ, თუ ვაჟკაცები ხართ, ოპერაში შესულიყავით და იქ გემღერათ, მაგრამ ეტყობა საოპერო სიმღერები არ გეხერხებათ, კამერული უფრო გეხერხებათ და აგერ მაქვს თქვენთვის კამერებიო.
ეს ჩანაწერი რამდენჯერაც უნდა ნახო, იმდენჯერ გეცინება, მითუმეტეს, როდესაც ყველაფერი კეთილად მთავრდება და მილიციის უფროსი იმ რიგით ჯამასპიშვილს შეაგდებინებს კამერაში, ეს ახალგაზრდები ვინც მოიყვანა:
მაგას ხელოვანი და ხულიგანი ვერ გაურჩევია, სიმღერა თუ ხულიგნობა ჰგონია, ცეკვა სულაც ბანდიტიზმი ეგონებაო!..
ისე მოხდებოდა, რომ:
თვით პაატა ბურჭულაძესაც, ამ მსოფლიო სახელსაც, ოპერის წინ მოუწევს სიმღერა, რაკიღა ოპერაში არაფრისდიდებით არ უშვებენ.
და რა გაგვიკვირდეს:
თუ სიმღერას ხულიგნობად ჩაუთვლიან და ჩვენებური პოლიციის განყოფილებაშიც მიიყვანენ, სადაც თენგიზ ჩანტლაძის პერსონაჟის საპირისპირო სულისა და მორალის უფროსი დახვდება განრისხებული:
ოპერის წინ რომ მღერი, თუ ვაჟკაცი ხარ, ოპერაში შესულიყავი და იქ გემღერა, მაგრამ ეტყობა შენ საოპერო სიმღერა არ გეხერხება, კამერული უფრო გეხერხება და მაქვს შენთვის აგერ პირველი კამერაო.
და თუ ჩვენებური სასამართლოც ექვსთვიან სანატორიუმს გამოუწერს…
რაც თენგიზ ჩანტლაძისათვის ირონიისა და სარკაზმის საგანი გახლდათ, ამათთვის რეალობად გადაქცეულა:
სიმღერა ხულიგნობა ჰგონიათ და ცეკვა – ბანდიტიზმი!..
სხვაგვარად ანკი როგორ იქნებოდა მოძალადე ხელისუფლების თვალში:
როდესაც ასე გადაწვნია საპროტესტო მანიფესტაციებს სიმღერა და ცეკვა… ცეკვა და სიმღერა…

და მღერის, მღერის, მღერის პაატა ბურჭულაძე უკეთესი საქართველოსათვის… ჯერ მაინც ოპერის წინ!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი როსტომ ჩხეიძე.

შეგახსენებთ, ოპერის მომღერალი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს საპროტესტო აქციაზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა. -ის წარმომადგენლებმა ჯარიმის ქვითარი მას სახლში მიუტანეს, რისი ამსახველი ვიდეოც თავად პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა ფეისბუკზე.პოლიციელმა მას უთხრა, რომ 12 თებერვალს თბილისში, “პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლს კეტავდა”, რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებარედ გუშინ საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ იყო ოპერის წინ, სადაც თავისივე იუბილესადმი მიძღვნილ მარშში მონაწილეობდა.

პაატა ბურჭულაძემ ჯარიმის ქვითარს ხელი არ მოაწერა და პოლიციელს უთხრა, რომ “არ აღიარებს მათ მთავრობას”. შსს-ს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ ქვითარი ჩაბარებულად ითვლება, რადგან იგი მას უკვე გაეცნო.

სრულად წაიკითხეთ სტატია