
როგორი ზაფხული გვექნება? – ეს კითხვა ყველანაირი გემოვნების, მოთხოვნილების, მრწამსის, ინტერესისა და ხასიათის ადამიანს აღელვებს. ამ თემაზე “კვირის პალიტრის” კითხვებს უპასუხებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე:
– ზაფხული იქნება ცხელი და ნაკლებნალექიანი. პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმა საერთოდ არ იქნება. ზაფხულის ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. შესაძლებელია სეზონის ცალკეულ პერიოდებში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდებიც – თბური ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები.
– ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ახლანდელი პერიოდი იმაზე გრილია, ვიდრე გვახსოვს…
– ზაფხული ხომ სულ ახალი დაწყებულია…
– კი, მაგრამ აგერ შუაგულ მაისში თოვდა.
· კლიმატურ ცვლილებას თუ გადავავლებთ თვალს, ბოლო წლებში გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტემპერატურის კლების ტენდენცია მიდის, ანუ უფრო გრილი გაზაფხული და გრილი შემოდგომა გვაქვს წინა 30 წელთან შედარებით. განსაკუთრებით აპრილში შეინიშნება ტემპერატურის კლება, მაგრამ ასე არ ხდება ზაფხულში. პირიქით,
· ბოლო წლებში ზაფხული სულ უფრო და უფრო ცხელია, იმ პერიოდშიც, როდესაც ცოტა გრილი უნდა იყოს, მაინც ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
ცხელმა პერიოდმაც შედარებით გადაინაცვლა. ადრე ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე იყო ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი და შუა რიცხვების შემდეგ უფრო აგრილება შეინიშნებოდა.
– 19 აგვისტოს, ფერისცვალების შემდეგ…
– დიახ, ნათქვამია, ფერისცვალების დროს პირველი ყინულის ნაჭერი ჩავარდება წყალშიო. ამის შემდეგ ტემპერატურის კლება შეინიშნებოდა, ზაფხული ძალას კარგავდა. ახლა ცხელმა პერიოდმა უფრო გადაინაცვლა და აგვისტოა ყველაზე ცხელი. ასე გრძელდება სექტემბრის დასაწყისშიც. ბოლო წლებში ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაფიქსირებულა – 40-41 გრადუსი, რაც წინა, 30-წლიანი პერიოდისთვის იშვიათობა იყო. ამდენად კლიმატის ცვლილება საქართველოზეც გავლენას ახდენს, კლიმატური ნორმა უფრო დათბობისკენ მიდის. ზაფხულის ძალიან ცხელი პერიოდები გახშირდა. გვაქვს ახალი მაქსიმუმების ე.წ. რეკორდი, ან შეიძლება ახალი მაქსიმუმი არ დაფიქსირდეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურის პერიოდი იყოს ჩვეულზე ხანგრძლივი.
· რას გულისხმობთ?
· – მაგალითად, 7-10 დღის განმავლობაში 39 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდის ტემპერატურა. შესაძლოა 39 გრადუსი არ არის იშვიათი შემთხვევა, თუნდაც თბილისის მაგალითი რომ ავიღოთ, მაგრამ ის, რომ მთელი 10 დღის განმავლობაში 39 გრადუსი იყოს, ეს უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზაფხულის მთლიან შეფასებაზე.
თუ ვთქვათ, რაღაც პერიოდი გრილია, მაგალითად, ზაფხულის დასაწყისი – ბოლო წლებში ივნისი გრილია ხოლმე, – მაგრამ მერე, როცა ზაფხული ძალაში შედის, განსაკუთრებით აგვისტოში, და ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება, ეს აბალანსებს გრილ პერიოდს და საერთო ჯამში ზაფხული მაინც ცხელი გამოდის. თუმცა ამ წელს საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ გაცილებით ცხელი და მშრალი ზაფხული გვექნება. თუ მიმდინარე პერიოდსაც გადავავლებთ თვალს, ივნისის დამდეგს შესაძლოა თბილისში არა, მაგრამ თითქმის ყოველდღე სადღაც მაინც წვიმს, მაგრამ ხანმოკლე მცირე ნალექებია.
ვრცლად: kvirispalitra.ge