როგორ შევაყვაროთ შვილებს ჯანსაღად კვება? – 4 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს ბავშვმა

Alia 1 წელი წინ 142
როგორ შევაყვაროთ შვილებს ჯანსაღად კვება? – 4 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს ბავშვმა

ჯანსაღი, სწორი კვება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ორგანიზმისთვის. ყველა მშობელს ერთხელ მაინც დაუსვამს კითხვა – კარგად იკვებებიან ჩემი შვილები? კონკრეტულ ასაკამდე, მეტ–ნაკლებად ვახერხებთ იმის დარეგულირებას, როდის და რას ჭამენ ბავშვები, თუმცა, რაც მეტად იზრდებიან, მით მეტი არჩევანი ხვდებათ საკვების, მაგალითად, ქუჩაში.

კვლევების მიხედვით – აკრძალვა არ მუშაობს, პირიქით, აკრძალული უფრო გემრიელი ეჩვენებათ. არც დასჯას გამოაქვს შედეგი, არც მუდმივ და დაუსრულებელ საუბრებს. თუ რომელიმე პროდუქტს დავაძალებთ, შესაძლოა, ერთ დღესაც, უბრალოდ, სამუდამოდ შეიძულოს. არც ის დაგავიწყდეთ რომ პირის რეცეპტორები ყველას ერთნაირად არ აქვს მოწყობილი და ის, რაც თქვენ მოგწონთ, შესაძლოა თქვენი შვილისთვის არ იყოს მადისაღმძვრელი. მაგალითად, ჩემი ორგანიზმი უარს ამბობს კერძებზე, რომელსაც ნივრის მძაფრი არომატი აქვს, არც ძმრიანი კერძები მხიბლავს, თუმცა, ჩემ შვილს ერთიც მოსწონს და მეორეც – ცხადია, ამას დიდხანს ვერ გავიგებდი, რომ არ შემეთავაზებინა მისთვის ძმრიანი და ნივრიანი სადილი, რომელიც, მხოლოდ მისთვის დავამზადე.

როგორ უნდა მოვიქცეთ? – იკითხავთ. მარტივია – დაეხმარეთ და ერთად იპოვეთ თქვენი შვილისთვის სასურველი, გემრიელი, ჯანსაღი საკვები.   

1. სწორად აარჩიეთ ხორცი

ბალახის და მარცვლეულის მჭამელი ცხოველის და ფრინველის ხორცი გემრიელიცაა და ნაკლებად ცხიმიანიც – იმის შიში, რომ ქოლესტერინის დონე გაიზრდება ბავშვის ორგანიზმში, აღარ გექნებათ. საქონლის ხორცი მდიდარია ომეგა3–ის ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც გულისთვის ძალიან სასარგებლოა და ასევე ამცირებს საერთო ქოლესტერინის დოზას სისხლში. უყვარს თქვენ შვილს ბურგერი? დაუმზადეთ თავად, სახლის პირობებში და გამოიყენეთ ის ხორცი, რომელიც ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელია – ასე მასაც ასიამოვნებთ, და თქვენც მშვიდად იქნებით.

2. გახადეთ ძვლის ბულიონი სხვა კერძების მეგობარი

შეფმზარეულები მისგან ათასგვარ კერძს გვთავაზობენ. ძვლის ბულიონი განსაკუთრებით ღირებულია ბავშვებისთვის, როგორც კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის წყარო – ეს ნუტრიენტები და მინერალები ორგანიზმს  უხვად სჭირდება. გამოიყენეთ ძვლის ბულიონი სხვადასხვა კერძების ბაზად და მოარგეთ თქვენი შვილის გემოვნებას.

3. ფრინველის უცხიმო ხორვი

ქათამი, ეს ის საკვებია, რომელიც არ გაგიჭირდებათ შვილს შეაყვაროთ, ბავშვების უმეტესობას ის ლამის ინსტიქტურად უყვარს. მას აქვს მარტივი გემო, სასიამოვნო ტექსტურა, მისგან მზადდება ასობით კერძი. ქათმის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ხორცია – მასში მცირეა  მავნე ცხიმები, იგი დატვირთულია ფოსფორით და კალციუმით. კალციუმი, განსაკუთრებით აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს ჰქონდეთ ძლიერი, ჯანსაღი ძვლები, უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი საკმარისი ოდენობით იღებენ კალციუმს. თუ თქვენ შვილს არ უყვარს რძის პროდუქტი, მაშინ კიდევ მეტად უნდა ჩართოთ კალციუმით მდიდარი ქათმის ხორცი რაციონში, რათა ბავშვებმა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალი სრულად მიიღონ. ქათმის ფილე ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად გაუმჯობესებას

სამწუხროდ, ქათმის ნაგეთსები, რომლებიც ასე უყვართ ბავშვებს, თუ სხვა მზა პროდუქცია, ხშირად შეიცავს არასაჭირო შაქარს და კონსერვატებს, ამიტომაც, ყოველთვის წაიკითხეთ შემადგენლობა და ნუ იფიქრებთ, აი, რა უნდა იყოს ასეთი დამატებული? ეს ხომ ქათამია? – არა, უმეტესად, ეს არ არის მხოლოდ ქათამი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია – ხარისხი – ფერის, გემოს და სხვათა მიხედვით, დარწმუნდით, რომ ხარისხიანი ქათმის ხორცით ამზადებთ კერძს.  

4. თევზი და ზღვის პროდუქტები

ზღვის პროდუქტები მრავალი წლის მანძილზე ცილის დომინანტური წყაროც კი იყო. ზღვის პროდუქტები მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ჯანსაღი ცხიმებით. მაგრამ, ბევრი ბავშვისთვის თევზი უსიამოვნო პროდუქტია. როგორ შევაყვაროთ შვილს იგი? პირველ რიგში, დარწმუნდეთ, რომ იყენებთ მაღალი ხარისხის თევზს, ახალს. თუ თევზი ახალი არ არის, უგემურია, იშლება და ასეთი სახით შვილებს ზღვის პროდუქტს ვერ შეაყვარებთ. არ დაგეზაროთ და სცადეთ ექსპერიმენტები –  არსებობს თევზის ასობით მარტივი რეცეპტი. ნახეთ, რომელი თევზისგან, რომელი ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული, როგორი კერძი მოეწონება თქვენ შვილს – თუ პირველ ჯერზე ცხვირს აიბზუებს, ნუ დანებდებით, აუცილებლად იპოვით საჭირო რეცეპტს, იმისათვის, რომ ბავშვის რაციონში ზღვის პროდუქტებიც ჩართოთ. იცოდით, რომ თევზისგან უგემრიელესი ნამცხვრების მომზადებაც კი შესაძლებელია?

შესაძლოა, იფიქროთ, მძიმე შრომას მოითხოვს ჩვენი რჩევები და კი, ერთ–ერთი ყველაზე რთული სამუშაოა ახალი ადამიანის ჩამოყალიბება და გაზრდა. სამაგიეროდ, როგორც წესი, თავიდანაა რთული ჯანსაღ კვებასა და გემოს შორის კავშირის პოვნა, თორემ, თუ ერთხელ შედგა ეს კავშირი, მომავალშიც არ დაიკარგება. გეცოდინებათ, რომ თქვენ შვილებს აღარ დაჭირდებათ ზრდასრულობის ასაკი გაატარონ მკაცრი დიეტებისა და არაჯანსაღი საკვების მიღების მოჯადოებულ წრეზე.   

კულინარია არის შემოქმედებითი და ექსპერიმენტული პროცესი, რომელიც სასიამოვნოა საკუთარი თავისთვისაც – სცადეთ და იპოვეთ ჯანსაღი პროდუქტებით გემრიელი საკვების მომზადების გზები –  ამით თქვენც ისიამოვნებთ და ორგანიზმსაც ასიამოვნებთ.

 

 

The post როგორ შევაყვაროთ შვილებს ჯანსაღად კვება? – 4 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს ბავშვმა appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია