“რიგ შემთხვევებში, კომპანიებს თვეში ₾10-15 ათასის ჯარიმა მოსდით” – დისტრიბუტორები პარკირების ჯარიმების გამო ჩივიან

News.ge 3 თვის წინ 43
“რიგ შემთხვევებში, კომპანიებს თვეში ₾10-15 ათასის ჯარიმა მოსდით” – დისტრიბუტორები პარკირების ჯარიმების გამო ჩივიან

სადისტრიბუციო ბიზნესი პარკირების გაზრდილ ჯარიმებზე ჩივის. რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ძალიან ცოტა ადგილია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ავტობუსის ზოლში გაჩერება უწევთ. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, სადისტრიბუციო მანქანებს აჯარიმებს როგორც საპატრულო პოლიცია, ისე ქალაქის მუნიციპალური ვიდეოკამერა. შედეგად ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში თვეში პარკირების ჯარიმა 10-დან 15 ათას ლარამდე აღწევს.
“ის, თუ რამდენად მძიმე ტვირთად შეიძლება აწვებოდეს ბიზნესს ეს, განსაკუთრებუთ შეეტყო, როცა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა ადმინისტრაციული სახდელი. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელი, გაიზარდა მათი გამოწერის ინტენსივობაც. რიგი შემთხვევები ყოფილა, როცა კომპანიებს 10-15 ათასი ლარი შეიძლება თვის ჭრილში მოუვიდეს ჯარიმა, შესაბამისად იძულებული არიან ადგილობრივი მწარმოებლები, თუ სადისტრიბუციო კომპანიები ეს ყველაფერი ასახოს ფასში. ჯარიმა ისეთივე ხარჯია კომპანიისთვის, როგორც საწვავის, თანამშრომლის თუ ა.შ და ეს უკვე გათვალისწინებულია ძირითად შემთხვევაში ფასში, რაც ხვდება მომხმარებელს თაროზე”,-აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რითეილ თუ ჰორეკა სექტორისთვის პროდუქციის მიწოდება ფაქტობრივად შეუძლებელია პარკირების ჯარიმის გარეშე, რადგან დისტრიბუტორებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი 550 წერტილიდან, მათთვის მხოლოდ 120 ადგილია გამოყოფილი ქალაქში, რაც ბუნებრივია არასაკმარისია და ბიზნესს ჯარიმების გარეშე პროდუქციის დისტრიბუციის შესაძლებლობას არ აძლევს. ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს და შერბილდეს როგორც მერიის, ისე საპატრულო პოლიციის მხრიდან მანამდე, სანამ ქალაქში სადისტრიბიუციო მანქანებისთვის საჭირო საპარკინგე სივრცეების გამოყოფა არ მოხდება.
თავის მხრივ მერიაში განმარტავენ, რომ სადისტრიბუციო მანქანებისთვის საპარკინგე ადგილები გამოიყო ყველგან, სადაც კანონით ამის საშუალება არსებობდა. მერიაში განმარტება გაკეთდა ჯარიმებთან დაკავშირებითაც.
“საპარკინგე ადგილის გამოყოფისთვის ტერიტორიაზე მინიმუმ სამი სავაჭრო ობიექტი უნდა იყოს განთავსებული დიდი ტვირთბრუნვის მოცულობით. შესაბამისად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მაქსიმალურად გაითვალისწინა ბიზნეს ასოციაციის მოთხოვნები და საპარკინგე ადგილები გამოყო ყველგან (გარდა ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილებისა), სადაც კანონის გათვალისწინებით, ამის საშუალება არსებობდა.
რაც შეეხება დაჯარიმების საკითხს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის სამართალდარღვევის გამოვლენას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ახორციელებს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუშაობს ერთიან სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. შესაბამისად, ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე კანონდარღვევაზე ჯარიმა იწერება იმ უწყების მიერ, რომლის სისტემამაც სამართანდარღვევა პირველმა დააფიქსირა.
მოქალაქეებისთვის ჯარიმების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტით. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მსგავსი კომპეტენცია არ გააჩნია”,- განუცხადეს bm.ge-ს თბილისის მერიაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია