
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხმაურება. რევაზ ბოჭორიშვილის სტატუსს News.ge უცვლელად გთავაზობთ:
სულ არაფერში გვჭირდება ანტიქრისტიანული ევროპის ვიზალიბერალიზაციაო.
ხოდა…
საოპერაციოდან ახალი გამოსული ვიყავი, მობილურმა დარეკა. მეზობელ საოპერაციში, ქირურგებთან იქნებ მოხვიდეთ, ერთი ქართველი პაციენტი გვყავს და სანამ დავაძინებთ, კომუნიკაცია გვიჭირს და იქნებ დაგვეხმაროთო. მიჩვეული ვარ მსგავს თხოვნებს, თანაც იქვე ვიმყოფებოდი და ცხადია მაშინვე მივბრუნდი საოპერაციო ბლოკში.
მამაკაცი, მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზით, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, სულ რამოდენიმე დღის წინ, პირდაპირ რკინიგზის სადგურიდან მოსულა ჩვენს კლინიკაში… უკვე ბანალური (სამწუხაროდ) ისტორიაა…
როდესაც კოლეგებს ვეხმარებოდი ანამნეზის შეკრებაში კიდევ დარეკა მობილურმა. ამჯერად უშუალოდ ჩემი თანამშრომელი მირეკავდა. ქართველი პაციენტი ჰყავდა მიღებაზე და ისევ კომუნიკაციის პრობლემების გამო დახმარება სჭირდებოდა.
ქალი, ასევე მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზით, სხვა, პერიფერიული საავადმყოფოდან იყო გამოგზავნილი… ეს პაციენტი უკვე თვეების განმავლობაში მკურნალობდა საფრანგეთში და დამატებითი კონსულტაცია სჭირდებოდა ჩვენთან..
მიღება მაქვს, პაციენტს ვსინჯავ, უცებ კარები იღება, პირდაპირ, (რაც აქ არ ხდება) ერთი ასაკოვანი მამაკაცი შემოდის, ქართულად მომმართავს. ვუთხარი რომ გასულიყო და დამლოდებოდა.. როდესაც მერე მე თვითონ დავუძახე, ეგრევე გამახსენდა რომ უკვე ნანახი მყავდა ადრე.
მართლაც, დაახლოებით 2-3 წლის წინ მოვიდა, ქრონიკული პათოლოგიის გამო მკურნალობდა ჩვენი საუნივერსტეტო კლინიკის რამოდენიმე განყოფილებაში, უბრალოდ სამედიცინო საბუთები სჭირდებოდა ლტოლვილობის გასაფორმებლად, თვითონ ვერ გარკვეულიყო რომელი საბუთი (ფორმა 100 ის მსგავსი) რას შეესაბამებოდა, ვიღაცისგან იცოდა ქართველი ექიმის შესახებ და… ზუსტად იგივე თხოვნით მოვიდა ამჯერადაც ჩემთან. დავულაგე და დავუწერე ქართულად, რა სად მიეტანა.
მიღებაზე შემოდის ქართველი პაციენტი, რომელსაც საქართველოში ჩატარებული, უნდა ვთქვა, არასწორი მკურნალობის გამო მძიმე გართულებები ჩამოუყალიბდა, ხანგძლივი და რთული რეაბილიტაცია და მკურნალობა სჭირდება და ამისთვისაა დღეს საფრანგეთში.
ეს ყველაფერი მხოლოდ ამ თვეში მოხდა და თითქმის ასეა ყოველთვე, უკვე დაახლოებით 5-8 წელია. კიდევ სხვა მსგავსი, ან კიდევ უფრო მძიმე ისტორიები შემიძლია მოვყვე, მაგრამ ამჯერად საკმარისია… ყოველთვის უკიდურესად დამძიმებული განწყობა მომყვება მთელი საღამო როდესაც ქართველ პაციენტებს ვნახულობ.
რაც მთავარია და რაც საერთოა ამ ხშირად მსგავს სიტუაციებში, ამ პაციენტებს, ვიზალიბერალიზაციის წყალობით უპრობლემოდ ჩამოსულებს, საფრანგეთში ეგრევე უტარდება ზუსტად ისეთივე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, როგორიც ჩაუტარდებოდა ნებისმიერ საფრანგეთის მოქალაქეს . მერიის, სამინისტროს და სხვა წერილებისა თუ თანხმობების გარეშე (არ არსებობს აქ მსგავსი მარაზმი) , საერთოდ რაიმე ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, მკურნალობის ხანგძლივობისა თუ საფასურის მიუხედავად ამ ქართველი პაციენტებისთვის ყველაფერი უფასოა !
მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობს წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7 დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია.
ესაა ევროპა, ესაა ევროპული სოლიდარობა, ესაა საგინებელი ლიბერალიზმი და ესაა თუნდაც ქრისტიანობა, რეალური და არა ფარისევლური. და მე ძალიან მიხარია, როდესაც საფრანგეთის მედიცინა , ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხშირად (ყოველთვის თუ არა) ამართლებს ქართველი პაციენტების იმედებს. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მართლა ტერმინალურ სტადიაში ჩამოდის… მაგრამ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში მაინც ხვდება ბოლო წამებს. არ დამავიწყდება (მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული ორგანიზაციაში) როგორ დაუფინანსა ურჯულო საფრანგეთმა ცოლისა და შვილის აქ ჩამოსვლა, მის გვერდით რომ ყოფილიყვნენ, ერთ განწირულ პაციენტს…
ცხადია, უფასო არაფერი არ არსებობს ბუნებაში, ჩვენი გადასახედებით ფინანსდება ესეც. დიდი გადასახადებია საფრანგეთშიო, დიახ ასეა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ჩვენი მაღალი გადასახადები სამართლიანად და სწორად იხარჯება. და ისიც ვიცი ზუსტად, ფრანგები ამას (სოლიდარობას) მხარს უჭერენ, ლეპენის მიმდევრების გარდა.
ამჯერად უშუალოდ სამედიცინო ასპექტებს, რატომ და რის გამო გამორბიან პაციენტები მასიურად საქართველოდან, არ შევეხები.. და ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში. ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი.
ხოდა, დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სხვა ბევრ დადებით ასპექტს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება და ამაზე პასუხისმგებელი 100% ით რუსული ოცნება და ყველაზე მეტად მისი მხარდამჭერი იქნება. ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს , ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე. 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს , ეგ ვიცი.
დანარჩენებს(აც) ?