ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარი რომ პრევენციული კვლევები და ჯანსაღი
ცხოვრების წესია, ეს ყველამ ვიცით. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც, სწრაფი დიაგნოსტირება და მკურნალობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ერთ–ერთი ასეთია პროქტოლოგიური დაავადება პარაპროქტიტი.
ეს ვერაგი დაავადება, გართულებული შემთხვევებისას, სეფსისსაც კი იწვევს და სამწუხაროდ, სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.
რა არის პარაპროქტიტი, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება
და მკურნალობა – ალიას ამ კითხვებს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ზოგადი ქირურგი,
პროქტოლოგი, ლევან გულუა პასუხობს.
– რა არის პარაპროქტიტი?
– პარაპროქტიტი არის სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ჩირქოვან–ანთებითი პროცესი.
– რა განსხვავებაა ფისტულასა და ნაპრალს შორის და რა შემთხვევაში ყალიბდება ანალური ნაპრალი?
– ფისტულა ხვრელმილია, რომელიც იხსნება სწორ ნაწლავში ერთი დაბოლოებით და მეორე დაბოლოებით შესაძლებელია გაიხსნას სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებულ ქსოვილში, ან ცოტა უფრო ზემოთ, დუნდულის მიდამოებში, ან საზარდულში, გამომდინარე იქიდან, თუ რა მასშტაბის ანთებითი პროცესი იყო თავიდან. ხოლო რაც შეეხება ნაპრალს – ნაპრალი არის ნაწლავის ქვედა მესამედში ლორწოვანისა და კანის ნახეთქი. მას ძირითადად იწვევს მექანიკური გაღიზიანება, რომელიც, თავის მხრივ, ყაბზობას და ჭინთვას ახასიათებს დეფეკაციის დროს.
– რა იწვევს პარაპროქტიტს და მისი რა ფორმებია ცნობილი?
– პარაპროქტიტი ვითარდება სწორი ნაწლავიდან გავრცელებული ინფექციის გამო და მისი ფორმები განსხვავებულია ჩირქოვანი კერის ანატომიური მდებარეობიდან გამომდინარე. შეიძლება ეს იყოს პარარექტული სივრცე, პელვიორექტული სივრცე და ზემოთ, ღრმად, იშიორექტული სივრცე.
– რომელია ყველაზე რთულად დიაგნოსტირებადი და სამკურნალო ფორმა?
– ყველაზე რთულად დიაგნოსტირებადი და რთულად სამკურნალო პარაპროქტიტებია სპონტანურად განვითარებული იშიორექტული აბსცესები, რომლებიც ძირითადად დანაირებული ინფექციისგან გამომდინარეა და ძალიან რთულად ექვემდებარებიან მკურნალობას. სამწუხაროდ, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.
–ვინ არიან პარაპროქტიტის რისკ-ჯგუფში?
– რისკ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უკვე ნაპრალები, ან ფისტულები, ასევე ადამიანები ქრონიკული იმუნოდეფიციტით.
– როგორია სიმპტომები, რომლებიც ფისტულების და ნაპრალების არსებობას გვატყობინებენ და გვაძლევენ სიგნალს, რომ ექიმს უნდა მივმართოთ?
– პარაპროქტიტის ფისტულების დროს, სიმპტომები გამოხატულია პერიოდულად ჩირქოვანი გამონადენით, ან ხელით გასინჯვისას შეინიშნება მცირე წარმონაქმნი სწორი ნაწლავის, გარეთა ხვრელის ირგვლივ. ნაპრალების შემთხვევაში კი – მუდმივი ქავილი, ტკივილი, წვა დეფეკაციის შემდეგ. ეს სიმპტომები გვეუბნება, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.
– რა დიაგნოსტიკური საშუალებები არსებობს პარაპროქტიტის გამოსავლენად?
– პარაპროქტიტის დიაგნოსტიკისთვის პირველ რიგში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, ხელით გასინჯვაა პირველი ნაბიჯი, რთული შემთხვევებისას, საჭიროებისამებრ, შეიძლება დაინიშნოს CT/კტ კვლევა, მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) და ასევე ულტრაბგერითი კვლევა.
– როგორ მეთოდებით ხდება ფისტულების და ნაპრალების მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსში?
– ფისტულებისა და ნაპრალების მკურნალობა ხდება ქირურგიული მეთოდით, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ლაზერული აპარატის გამოყენებით.
– შესაძლებელია თუ არა ოპერაციის ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარება და რა შემთხვევაში?
– თუ ფისტულების და ნაპრალების შემთხვევაში მხოლოდ ზედაპირული დაზიანებაა, მაშინ, შესაძლებელია, ლაზერული ჩარევის დროს გაკეთდეს ოპერაციები ადგილობრივი ანესთეზიით.
– როგორია პოსტოპერაციული პერიოდი და როდის უბრუნდება პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
– პოსტოპერაციული პერიოდი ტრადიციული ჩარევების შემთხვევაში, შედარებით უფრო ხანგრძლივია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ჭრილობა. რაც შეეხება ლაზერულ ოპერაციებს, შედარებით მარტივია და შესაბამისად, ცხოვრების ჩვეულ წესსაც უფრო მარტივად უბრუნდება პაციენტი. ფისტულების და პარაპროქტიტების ამოკვეთის შემდეგ, პოსტოპერაციული პერიოდის მაქსიმალური ვადა არის 3 კვირიდან ერთ თვემდე.
– ახასიათებს თუ არა პარაპროქტიტს რეციდივი?
– დიახ, პარაპროქტიტს ახასიათებს რეციდივი იმ შემთხვევაში, თუ რჩება ფისტულა, ან დაზიანების ადგილი არაწორად იქნება ამოკვეთილი, ან თუ პაციენტი არ გაითვალისწინებს ექიმის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს.
– შეიძლება თუ არა, რომ გართულდეს პარაპროქტიტი, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ? როგორია მისი გართულებული ფორმა და რა რისკები ახლავს თან?
– რა თქმა უნდა, შეიძლება გართულდეს პარაპროქტიტი, რადგან, ის ჩირქოვანი პროცესია და როგორც ყველა ჩირქოვან პროცესს, დროული ქირურგიული ჩარევა სჭირდება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სეფსისი ან გავრცელდეს ჩირქოვანი პროცესი ღრმად, მენჯის ღრუში.
– და ბოლოს, რა მითები გსმენიათ თქვენს პროფესიაზე?
– ორს გამოვყოფ, ერთი – თითქოს ექიმებს ძალიან უყვართ ალკოჰოლის მოხმარება და მეორე – თითქოს, პროქტოლოგებს ძალიან დიდი თითები აქვთ. ცხადია, არც ერთი და არც მეორე სიმართლეს არ შეესაბამება, ექიმები, მათ შორის, პროქტოლოგებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.
(R)
The post რა სიმპტომები ახასიათებს პარაპროქტიტს და რა რისკს შეიცავს დაგვიანებული მკურნალობა? appeared first on .